ზვიად ავალიანი ჰერჩინსკის: საქართველოში ცხოვრება არასდროს ყოფილა ისე საშიში, როგორც მაშინ, როცა ქვეყანას დასავლეთის აგენტურა მართავდა და დასავლეთის ბიუროკრატია მას „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებდა - 90-იანების ყველაზე დიდი პრობლემა სიღატაკე იყო და ქვეყნის ეკონომიკის ჯართად გაყიდვაში სწორედ დასავლელმა ინსტრუქტორებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი
„ბატონი ელჩი სულ ტყუილად გვაშინებს 90-იანების აჩრდილით სადაც, სხვათა შორის, ყველაზე დიდი პრობლემა სიღატაკე იყო და ამ სიღატაკეში და ქვეყნის ეკონომიკის ჯართად გაყიდვაში სწორედ დასავლელმა ინსტრუქტორებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი, რომლებმაც წარმატებით განახორციელეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების დეინდუსტრიალიზაცია, ამ პროცესისთვის ტაშიც გვაკვრევინეს და კონკრეტულად ჩვენი ქვეყანა კლასიკურ ნეოკოლონიად აქციეს“, - წერს ჟურნალისტი ზვიად ავალიანი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადების შესახებ სოციალურ ქსელში.
ავალიანის თქმით, ელჩი ცდილობს, ქართველ ხალხს არასრულფასოვნების კომპლექსი ჩამოუყალიბის და შთააგონოს, რომ „უფროსი ძმის“ გარეშე ის განწირულია, რაც კლასიკური კოლონიალიზმია.
„ევროკავშირის ელჩი, ჰერჩინსკი, გვაფრხილებს რომ თუ ევრობიუროკრატიას არ დავუჯერებთ უკან, 90-იან წლებში, სამოქალაქო ომისა და კორუფციის ჭაობში დავბრუნდებით. ბატონ ჰერჩინსკის მინდა ვუთხრა, რომ რეალურად, საქართველოში ცხოვრება არასდროს ყოფილა ისე საშიში, როგორც მაშინ, როცა ამ ქვეყანას დასავლეთის აგენტურა მართავდა და დასავლეთის ბიუროკრატია მას „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებდა.
ამიტომ, ბატონი ელჩი სულ ტყუილად გვაშინებს 90-იანების აჩრდილით სადაც, სხვათა შორის, ყველაზე დიდი პრობლემა სიღატაკე იყო და ამ სიღატაკეში და ქვეყნის ეკონომიკის ჯართად გაყიდვაში სწორედ დასავლელმა ინსტრუქტორებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი, რომლებმაც წარმატებით განახორციელეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების დეინდუსტრიალიზაცია, ამ პროცესისთვის ტაშიც გვაკვრევინეს და კონკრეტულად ჩვენი ქვეყანა კლასიკურ ნეოკოლონიად აქციეს.
ასე რომ, პირადად მე არ ვურჩევდი ბატონ ჰერჩინსკის 90-იან წლებზე დისკუსიის დაწყებას. რაც შეეხება სამოქალაქო ომსა და კორუფციას, ეს ყველაფერი ნამდვილად იყო, მაგრამ განა არის სადმე ქვეყანა, რომელსაც მსგავსი პრობლემები არ გამოუვლია? უბრალოდ, უსინდისობაა ამის გამო ხალხს არასრულფასოვნების კომპლექსს უყალიბებდე და შთააგონებდე, რომ „უფროსი ძმის“ გარეშე ის განწირულია. ეს უკვე ნეოკოლონიალიზმიც კი არ არის. ეს კლასიკური კოლონიალიზმია.
და ბოლოს, თუ ვინმეს მაინცდამაინც ისტორიული წიაღსვლების გაკეთება სურს, მას ვურჩევდი ჯერ მიუკერძოებლად შეესწავლა მსოფლიო ხალხთა წარსული და შემდეგ გამოეტანა დასკვნები. ქართველებს არაერთი ბნელი პერიოდი გვქონია ისტორიის მანძილზე, მაგრამ ისეთი ბნელი და უკუნი მაინც არასდროს ვყოფილვართ, რომ მეზობლის ბავშვები ცოცხლად დაგვემარხა მხოლოდ იმის გამო, რომ მას ებრაელი მშობლები ჰყავდა. არც ცოცხლად დაგვიწვავს მილიონობით თანამოქალაქე იმის გამო, რომ პირჯვარს სხვანაირად იწერდნენ ან საერთოდ არ იწერდნენ. არც საკუთარი მიწა-წყლიდან გაგვირეკია, დაგვიმონებია და ამოგვიწყვეტია ვინმე იმის გამო, რომ გარეგნულად ან ზნე-ჩვეულებით ჩვენ არ გვგავდნენ. და, სხვათა შორის, არც იმ ლგბტევზთ ხალხისთვის „გვიმკურნალია“ ოდესმე თავში დენის გატარებით, როგორც ამას ზოგიერთ კონტინენტზე აკეთებდნენ და ახლა აქეთ გვამუნათებენ, რომ თითქოს ჩვენი კულტურა უმცირესობების მიმართ არატოლერანტულია.
ერთი სიტყვით, ქართველებს არავისი დასაცინი ან დასამუნათებელი არაფერი გვჭირს და თუ ბატონ ჰერჩინსკის რომელიმე პუნქტში ეჭვი ეპარება, შემიძლია შესაბამისი ლიტერატურა მისთვის გასაგებ, ევროპულ ენებზე გავუგზავნო“, - წერს ზვიად ავალიანი.