ზურაბ ქადაგიძე: ურსულა ფონ დერ ლაიენი გახარებულია იმით, რომ დასაჯეს ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა „პრაიდის“ ჩატარებას უნგრეთში და შედეგად, ბუდაპეშტშიც ააფრიალეს ლგბტ დროშა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე ბუდაპეშტში ლგბტ „პრაიდის“ ჩატარებასა და „პრაიდთან“ დაკავშირებით, ურსულა ფონ დერ ლაიენის პოზიტიურ შეფასებას მედიასთან გამოეხმაურა. ქადაგიძემ აღნიშნა, რომ ევრობიუროკრატები უკვე დაუფარავად ავრცელებენ ფსევდოლიბერალურ ნარატივს და მნიშვნელოვანია ევროპის გამიჯვნა ევრობიუროკრატიისგან. დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო იზიარებს იმ ღირებულებებს, რასაც ევროპა ეფუძნება, ხოლო ბრიუსელის ღირებულებები დაფუძნებულია ლგბტ იდეოლოგიაზე:
„არსებობს მეორე, ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელიც აბსოლუტურად მოშლილია იდეოლოგიურად და მისი მთავარი გზა, რომლითაც მიზანს უნდა მიაღწიოს, დაფუძნებულია „ვოუქიზმსა“ და ლგბტ იდეოლოგიაზე. სწორედ ამიტომ, უნგრეთში ჩატარებული ლგბტ „პრაიდი“ არ მიკვირს“, - განაცხადა ქადაგიძემ.
დეპუტატმა თქვა ისიც, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი სიხარული არაა გასაკვირი - ბოლო 15 წელი, ორბანის მმართველობისას, უნგრეთი ეწინააღმდეგებოდა „პრაიდის“ ჩატარებას.
„მე ის მიკვირს, რატომ გვიკვირს ბუდაპეშტში განვითარებული მოვლენები. ხაზგასასმელია, რომ ბრიუსელმა ღიად და დაუფარავად დაიწყო ფსევდოლიბერალური ნარატივების გავრცელება. თუნდაც საქართველოსთან მიმართებით რა გვესმის: დიახ, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც, შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციას საფრთხე დაემუქროს. თუმცა, არსებობს კონკრეტული მოთხოვნა და ესაა კანონების გაწვევა - თუ ასე მოვიქეცით, ვიზალიბერალიზაციას არ შეეხებიან. ზოგადად, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევრობიუროკრატია აბსოლუტურად არიან აცდენილნი ევროპულ ღირებულებებს. ამიტომაა მნიშვნელოვანი, სწორი დეფინიციის ჩამოყალიბება: ერთ მხარესაა ევროპა, ხოლო მეორე მხარეს - ბრიუსელი, თავის ევრობიუროკრატიასთან ერთად. ევროპა იმ ღირებულებებსა და ფასეულობებზეა დაფუძნებული და იმ იდეებით შეიქმნა, რის გამოც ჩვენ ყოველთვის მოგვწონდა და მოგვწონს ევროპულ სივრცეში ყოფნა. სწორედ ამ ღირებულებებიდან გამომდინარე, საქართველო თავისი ისტორიული ფუნქციით, მიზნით, გენეტიკური კოდით უფრო მეტად ევროპული იყო, ვიდრე, პირობითად, ევროკავშირის რომელიმე სხვა ქვეყანა. არსებობს მეორე, ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელიც აბსოლუტურად მოშლილია იდეოლოგიურად და მისი მთავარი გზა, რომლითაც მიზანს უნდა მიაღწიოს, დაფუძნებულია „ვოუქიზმსა“ და ლგბტ იდეოლოგიაზე. სწორედ ამიტომ, უნგრეთში ჩატარებული ლგბტ „პრაიდი“ არ მიკვირს. ბოლო 15 წელი ევრობიუროკრატებს გაჩხერილი ჰყავდათ ყელში უნგრეთი და ახლა „გადაყლაპეს“. რა თქმა უნდა, ფონ დერ ლაიენი გახარებულია იმით, რომ დასაჯეს ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა „პრაიდის“ ჩატარებას უნგრეთში და შედეგად, ბუდაპეშტშიც ააფრიალეს ლგბტ დროშა“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.