ზურაბ აბაშიძე: ფაქტების დამახინჯებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების ტირაჟირების საპასუხოდ, იქნება ეს BBC თუ ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია, ყველაზე ქმედითი და ღირსეული პასუხი სამართლებრივი გზაა
საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე „ბიბისის“ გამოქვეყნებულ სტატიას განცხადებით გამოეხმაურა.
„საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უკვე მერამდენე მცდელობას ვხედავთ, როდესაც მხოლოდ აღქმებით და არა ფაქტებით ხდება ცრუ ნარატივის გავრცელება.
ფაქტების დამახინჯებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების ტირაჟირების საპასუხოდ, იქნება ეს BBC თუ ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია, რომელიც მიზანმიმართულად სიცრუეს ავრცელებს, ყველაზე ქმედითი და ღირსეული პასუხი სამართლებრივი გზაა.
დარწმუნებული ვარ, ამ გზით კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე არაკეთილმოსურნეები ერთი სცენარით მოქმედებენ და აუცილებლად დამარცხდებიან სიმართლისა და ქართველი ხალხის პირისპირ“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.