ზურაბ აბაშიძე ოპოზიციაზე: გახდნენ რადიკალიზმის მძევლები, ჩვენ მივმართეთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ვინც შემოვიდნენ საკრებულოში, რომ ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, თუმცა ეს თანამშრომლობა უნდა იყოს კონსტრუქციული
 
        „ჩვენ მივმართეთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ვინც შემოვიდნენ საკრებულოში, რომ ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. თუმცა, ეს თანამშრომლობა უნდა იყოს კონსტრუქციული“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის მოისმინოს განსხვავებული აზრი ოპოზიციისგან, თუმცა ეს არ უნდა იყოს შეურაცხყოფა და ცრუ ბრალდებები.
ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ის შედეგი, რაც ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებზე დადო, მათივე არასწორი პოლიტიკიდან მომდინარეობს. „გახდნენ რადიკალიზმის მძევლები“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
მისი განცხადებით, ოპოზიციას წინა მოწვევის საკრებულოში რომ შეესრულებინა დაკისრებული მოვალეობა და არ ყოფილიყვნენ ბოიკოტის რეჟიმში, სხვა შედეგი ექნებოდა 2025 წლის არჩევნებზე.
ზურაბ აბაშიძის თქმით, თბილისის საკრებულოში ოპოზიციამ დღეს ვერ შეძლო შეექმნა ფრაქცია, რაც მათივე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების შედეგია.
„დღეს შეიქმნა ცალკე ფრაქცია. კანონმდებლობით მოხდა, რომ „ქართულ ოცნებას“ გამოეყო „ხალხის ძალა“, პოლიტიკური სუბიექტი, რომელმაც შექმნა დამოუკიდებელი ფრაქცია. რაც ვერ მოახერხეს იმ პოლიტიკურმა ძალებმა, ოპოზიციის წარმომადგენლებისა, რომლებიც არიან დღეს საკრებულოში. ეს არის - „გირჩი“, „ლელო“, „კონსერვატიული პარტია“. მათ ვერ შექმნეს ფრაქცია, აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ხალხი არიან. ტექნიკურადაც ვერ მოახერხეს ამ ეტაპზე ფრაქციის შექმნა. ისინი არიან დამოუკიდებელი საკრებულოს წევრები“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისი თქმით, დაკომპლექტებულია ასევე, ყველა კომისია და არჩეული არიან კომისიების თავმჯდომარეები.
„სრული მზადყოფნაა იმისთვის, რომ დედაქალაქში საკრებულომ, მერიასთან ერთად, ბატონ კალაძესთან ერთად, გავაგრძელოთ 4 -წლიანი ციკლი, რომ ის დაპირებები, რომელიც გასცა „ქართულმა ოცნებამ“, კახა კალაძემ, დავიწყოთ ამის შესრულება“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
 
            