Loading data...
ჟორჟოლიანი: პრემიერს ექნება საშუალება, მონაწილეობა მიიღოს ევროპელ ლიდერებთან ერთად დისკუსიაში, რომელიც შეეხება ეკონომიკას - ასევე, პრემიერი უერთდება საფრანგეთის ინიციატივას, ნარკოტიკების წინააღმდეგ კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით

„პრემიერ-მინისტრს ექნება საშუალება, მონაწილეობა მიიღოს მრგვალი მაგიდის ფორმატში ევროპელ ლიდერებთან ერთად დისკუსიაში, რომელიც შეეხება ეკონომიკას, ევროპის დამოკიდებულებებს ეკონომიკის მიმართულებით“, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-7 სამიტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მონაწილეობასთან დაკავშირებით.

მან ასევე აღნიშნა, რომ პრემიერი უერთდება საფრანგეთის ინიციატივას ნარკოტიკების წინააღმდეგ კოალიციის შექმნის შესახებ.

„ჩვენთვის ეკონომიკა არის პრიორიტეტი. შესაბამისად, ეკონომიკის ზრდის მიხედვითაც უკვე რამდენიმე წელია, ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე ვართ და ამ ტენდენციას ვინარჩუნებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ თემებზე გვექნება საუბარი. ასევე, პრემიერ-მინისტრი უერთდება საფრანგეთის ინიციატივას ნარკოტიკების წინააღმდეგ კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლება ძალიან აქტიურად მუშაობს, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკი ამოიღო და მრავალი ათეული, მათ შორის მსხვილი ნარკორეალიზატორი დააკავა და მისცა პასუხისგებაში“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს, 2 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელიც დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართება.