ზარქუა IPSOS-ის კვლევაზე: ეს არის ფაქტი, რომ ევროპის ხელისუფლებები, ევრობიუროკრატები, ალყაში არიან, მძევლად ჰყავს აყვანილი „დიფ სთეითს“
„ეს არის ფაქტი, რომ ევროპის ხელისუფლებები, ევრობიუროკრატები ალყაში არიან, მძევლად ჰყავს აყვანილი „დიფ სთეითს“, - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა Ipsos-ის კვლევას, რომლის მიხედვითაც, დასავლელი ამომრჩევლების თითქმის ნახევარი დემოკრატიის ხარისხით უკმაყოფილოა.
მისი თქმით, ყველამ თავისი ხალხისა და ქვეყნის საქმეები უნდა აკეთოს.
„საფრანგეთს ეკონომიკური ზრდა აქვს 0.5%, გერმანია რეცესიისკენ არის, მინუსი აქვს. დანარჩენ ევროპულ სახელმწიფოებს ან ინფლაცია უტევთ, ან დაბალი ეკონომიკური ზრდა და უმუშევრობა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ არაჯანსაღ პოლიტიკას ატარებენ და ამან ასახვა პოვა იმ კვლევებში, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი IPSOS-ის კვლევების სახით.
ყველა დიდი ევროპულის სახელმწიფოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს. ეს არის პირდაპირი დემონსტრირება, რომ ყველამ თავისი ხალხისა და ქვეყნის საქმეები უნდა აკეთოს“, - აღნიშნავს ზარქუა.
ცნობისთვის, კვლევაში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის შვიდი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის 10 ათასმა ამომრჩეველმა. რომლის მიხედვით, საფრანგეთში გამოკითხულთა 60% დემოკრატიის ხარისხით უკმაყოფილოა, ხოლო 19% - კმაყოფილი. აშშ-ში დემოკრატიის დონით უკმაყოფილოა 53%, ხოლო კმაყოფილია - 20%. გაერთიანებულ სამეფოში დემოკრატიის დონით უკმაყოფილოა 51%, ხოლო კმაყოფილია 26%. დასავლეთის ერთადერთი ქვეყანა, სადაც დემოკრატიის დონით კმაყოფილი ადამიანების რიცხვი უკმაყოფილოებს აჭარბებს, შვედეთია. იქ დემოკრატიით გამოკითხულთა 65%-ია კმაყოფილი, ხოლო 15% - უკმაყოფილო.