ზარქუა: რაისას უკვე ყოველ კვირა დებატები აქვს ცარიელ დარბაზში, თავიანთი პრობლემების მიუხედავად, რაისა და მისი სადაქალო იცლიან, რეზოლუციაში ჩაწერონ, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია

რაისას უკვე ყოველ კვირა საქართველოზე დებატები აქვს ცარიელ დარბაზში, თავად აქვთ პრობლემები და იცლიან, რეზოლუცია მიიღონ, სადაც უნდა ჩაწერონ, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, რაისას არ გამოსდის მაინც ამ ქვეყნის გაშავება, რადგან „ჩვენ ყოველთვის ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე დავდგებით“.
„რაისა კომუნისტკა არ ისვენებს. ერთი სიტყვით, ფაქტობრივად, უკვე ყოველ კვირა საქართველოზე დებატები აქვს, ოღონდ ცარიელ დარბაზში. წარმოგიდგენიათ, 700-ზე მეტი ევროპარლამენტარია იმ ორგანიზაციაში გაწევრიანებული, რვა კაცი იყო, ნახეთ ხომ? ჩვენს ოპოზიციურ არხებს ჯერ არ უნდოდა, ეს „ფართო კადრი“ აეღოთ, მაგრამ გამოჩნდა. იმ რვა კაციდან, სამმა თავზე დაახურა, უთხრა, მიუთითა რაისას და დანარჩენ კომუნისტებს, რომლებიც ჩასაფრებული არიან საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოსთან რა გინდათ, მშვიდობა შეინარჩუნეს, ჩვენს საქმეს მივხედოთ, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს იმპიჩმენტს უწყობენო.
მე თუ მკითხავთ, არსებობს გონივრული ეჭვი, მათ შორის კორუფციასთან დაკავშირებული თემები ევროპარლამენტში, ის, რომ ევროკავშირი დაიცალა ევროპული ღირებულებებისგან. ასეთი პრობლემები აქვთ და რაისა და მისი სადაქალო, თუ როგორც არის, იცლიან, რეზოლუცია მიიღონ, სადაც უნდა ჩაწერონ, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და დაკავებული მოძალადეები სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლები არიან. მინდა, კითხვა დავუსვა კალასს, ესტონეთში თქვენმა მოქალაქემ სახეში რომ გაულაწუნოს პოლიციელს, რა პოზიცია გექნებათ, იტყვით, რომ ეს სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იყო? არ იტყვით.
ვნახეთ, როგორ იქცევით თქვენს სახელმწიფოებში და საქართველო რატომ გგონიათ მაჩანჩალა, მესამე და მეოთხე რანგის ქვეყანა? ყველა პუნქტში, ყველა ინდექსში საქართველო წინ არის, ვიდრე თქვენი სახელმწიფოები. მათ შორის კორუფციასთან ბრძოლაში, სიტყვის თავისუფლებაში, მათ შორის მთავრობის მიმართ ნდობაში, ბიუჯეტის გამჭვირვალობაში. ყველა პუნქტით, ყველა ასპექტით თქვენზე წინ ვართ, მაგრამ თქვენ უტიფრად მაინც აგრძელებთ ჩვენი ქვეყნის და ჩემი ქვეყნის გაშავებას.
ყველაფერი ჩანს, ეს როგორი ხელოვნურიც არის. ასე რომ, რაისას გადაეცით, გორბაჩოვს ვაფიცებ, არ უნდა ეს, შეეშვას, გაანებოს თავი, არ გამოსდის მაინც ამ ქვეყნის გაშავება, რადგან ჩვენ ყოველთვის ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე დავდგებით. რა არის ეს? ეს არის თავისუფლების, მშვიდობის, მართლმადიდებლობის, ქართული ღირებულებების დაცვა, რომელიც არის იგივე ევროპული ღირებულებები და ჩვენ ამას ბოლომდე გავიტანთ“, - აღნიშნა ზარქუამ.