ზარქუა ოპოზიციაზე: ერთად უნდა მოგაქუჩოთ ადამიანმა, ჩაგსვათ დიდ სკივრში, რომელსაც ეწერება - „უსამშობლოები, უთავმოყვარეოები, უპრინციპოები, ლუზერები“ და ოკეანეში გადააგდოს - ეს არის თქვენი ბოლო

„ერთად უნდა მოგაქუჩოთ ადამიანმა, ჩაგსვათ დიდ სკივრში, რომელსაც ეწერება: „უსამშობლოები, უთავმოყვარეოები, უპრინციპოები, ლუზერები“ და ოკეანეში გადააგდოს - ეს არის თქვენი ბოლო“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ ეუთოს გენერალურ მდივანს აგინებდნენ და დღეს ზოგი ცალკე ითხოვს შეხვედრას.
„ეუთოს გენერალური მდივანი შეხვდა ჩვენს ლიდერებს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს. ამ შეხვედრებს ეს რადიკალები უწოდებდნენ, რომ „გაუგებარი გვარის კაცი ჩამოვიდა, გაუგებარი ფუნქციით. არ შევხვდებით, არ გვაინტერესებს, ეს ლეგიტიმაცია არ არის“. ლეგიტიმაცია ჩვენ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა - მას საზღვარგარეთ არ ვეძებთ. ეს ვიზიტი კი იყო კიდევ ერთი ხაზგასმა, რომ დიახ, საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა როგორც რეგიონში, ასევე, მთელ მსოფლიოში. ამიტომ არის აქცენტები საქართველოს მიმართ. ამ კაცმა გაახმოვანა ის მიდგომები, რაც ჩვენ ვამბობდით - მშვიდობა და სტაბილურობა.
დღეს რა ხდება? - რანაირად ხდება ასე, რომ გუშინ და გუშინ წინ მთელი დღე აგინებდნენ, არ შევხვდებით, არ გვაინტერესებსო და დღეს თითოეული მათგანი - ბოკუჩავები, გახარიები, სამადაშვილები, ხაზარაძეები დაეწყვნენ და ერთმანეთს ასწრებდნენ [ეუთოს გენმდივანთან] შეხვედრას. თავმოყვარეობა არ შემოგრჩათ ან ადამიანობის ნატამალი არ გაქვთ? რას გიშვებიან ის თქვენი პატრონები? რა ხართ, რა ჯიშის ხართ გამაგებინა რაღაც პრინციპი და ღირებულება ხომ უნდა დაიცვათ.
გუშინ ამ კაცს აგინებდნენ, რაღაც ტექნიკური შეხვედრაა, რაში გვაინტერესებსო და დღეს ზოგი ცალკე ითხოვს შეხვედრას, ზოგი ერთად - ცხვირ-პირს ამტვრევენ ერთმანეთს ოღონდ შეხვდნენ. ეს არის თქვენი მორალი, რომელიც ამორალურია.
ერთად უნდა მოგაქუჩოთ ადამიანმა, ჩაგსვათ დიდ სკივრში, სადაც მიეწერება: „უსამშობლოები, უთავმოყვარეოები, უპრინციპოები და ლუზერები“ და ოკეანეში უნდა გადააგდოს. ეს არის თქვენი ბოლო და ამას გააკეთებს ადგილობრივ არჩევნებზე ქართული საზოგადოებაც“, - აღნიშნავს ზარქუა.