Loading data...
ზარქუა: მცდელობა აქვთ ბოლომდე ჩაერიონ შიდა საქმეებში, ამოატრიალონ ეს ქვეყანა, ქაოსში გახვიონ და შემდეგ ხელი მოითბონ იმ ჯგუფებმა, ვის ინტერესშიც არის ეს ქაოსი და უბედურება

„მცდელობა აქვთ ბოლომდე ჩაერიონ შიდა საქმეებში, ამოატრიალონ ეს ქვეყანა, ქაოსში გახვიონ და შემდეგ ხელი მოითბონ იმ ჯგუფებმა, ვის ინტერესშიც არის ეს ქაოსი და უბედურება“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წერილს, რომლის ადრესატებიც ევროკავშირი, გაერთიანებული სამეფო და აშშ-ია.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ქვეყნის გაშავებას აგრძელებენ.

„უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით შანტაჟი და მუქარები ევრობიუროკრატების მხრიდან არახალია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს რეიტინგში ყველას ვუსწრებთ, არამარტო კანდიდატ ქვეყნებს.

მცდელობა აქვთ, რომ ბოლომდე ჩაერიონ შიდა საქმეებში, ამოატრიალონ ეს ქვეყანა, ქაოსში გახვიონ და შემდეგ ხელი მოითბონ იმ ჯგუფებმა, ვის ინტერესშიც არის ეს ქაოსი და უბედურება. ამ ყველაფერში ეხმარებიან ეს ჩვენი რადიკალები, რომლებიც თანამშრომლობდნენ, აწვდიდნენ არასწორ ინფორმაციას.

კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ქვეყნის გაშავებას აგრძელებენ - დაწყებული სალომე ზურაბიშვილით და გაგრძელებული დანარჩენი ლიდერებით. შესაბამისად, სამართლიანია, საქმე რომ აღიძრა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟის კუთხით“, - აღნიშნავს ზარქუა.