Loading data...
ზარქუა „ალტ ინფოს“ აქციაზე: აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები ქუვეითის მოქალაქეებისთვის სასტუმროების მშენებლობას აპირებდნენ და ვერ გავიგე - ის თუ კარგი იყო, ეს ცუდი რატომაა?!

„აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები ქუვეითის მოქალაქეებისთვის სასტუმროების მშენებლობას აპირებდნენ და ვერ გავიგე, - ის თუ კარგი იყო, ეს ცუდი რატომაა?!“ - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ „ალტ ინფოს“ აქციაზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, აგენტურა - არასამთავრობო ორგანიზაციებს და ახალგაზრდებს ქვეყნის გაშავებისთვის იყენებდა. 

„უსამშობლოები ჯერ ამბობდნენ, რომ აქ ინვესტიციას ვინ შემოიტანსო. გახსოვთ, ეს თემა რომ პირველად გაჟღერდა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ როგორ ესხმოდა თავს - ტყუილია, ბლეფია, არ დაიჯეროთ, აქ ინვესტიციას ვინ შემოიტანსო, - მერე უკვე თემა შეატრიალეს და დაიწყეს: მეჩეთებს აშენებსო, არაბული ქალაქები და სიგიჟეები, რაც სჩვევიათ.

ამ სიგიჟეს ახლა შეუერთდა ახალი გუნდი. ჩვენ რომ მოვიკითხეთ, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები ქუვეითის მოქალაქეებისთვის სასტუმროების მშენებლობას აპირებდნენ და ვერ გავიგე, - ის თუ კარგი იყო, ეს ცუდი რატომაა, ან ეს თუ ცუდია, ის კარგი რატომ იყო?! გაუგებარია, აჭრილები არიან.

ჩემთვის ძალიან გაუგებარია, - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გვერდით რომ დადგები, როცა იცი, რასაც წარმოადგენენ, - ქვეყნის გაშავებაში აგენტურული ქსელი ჰქონდათ, სადაც იყენებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, იყენებდნენ ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც შეცდომაში შეიყვანეს და ასე უტევდნენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას“, - აღნიშნავს ზარქუა.