ვოლსკი ვიზალიბერალიზაციაზე: მგონია, რომ არ იქნება მთელი საზოგადოებისთვის გამოყენებული ეს მახვილი, თუნდაც იმ მიზნით, რომ ვაშაძე და ხაბეიშვილი მოვიდნენ ხელისუფლებაში
მგონია, რომ არ იქნება მთელი საზოგადოებისთვის გამოყენებული ეს მახვილი, თუნდაც იმ მიზნით, რომ ვაშაძე და ხაბეიშვილი მოვიდნენ ხელისუფლებაში, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მუქარასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მოლოდინი იმისა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ნაკლებია.
„თავის პოლიტიკური ინტერესები გააჩნიათ საქართველოს მიმართ. არ მინდა, დავამძიმო ტერმინოლოგია მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს დღეს განიხილავენ ბრიუსელში საზარბაზნე ხორცად. რეალურად ამ ომში, რომელიც მიმდინარეობს ევროპაში, რასაკვირველია, საქართველოს ფაქტორს თავისი როლი და ადგილი ეკუთვნის, მათი გაგებით. ჩვენი გაგებით, არანაირად არ არის ჩვენს ინტერესებში ამ პროცესებში ჩართვა. თუკი ჩვენ არ ვემთხვევით ევროკავშირს იმაზე, რომ ეკონომიკურ სანქციას ვერ ვუწესებთ რუსეთს, მათ რომ დაუწესეს, რა ქნეს ახლა?! - ენერგორესურსებს არ ყიდულობენ, თუ თევზს არ ყიდულობენ, თუ ღვინოს არ ყიდიან რუსეთში გაცილებით მათზე მეტს, ვიდრე მთელი საქონელბრუნვა გვაქვს რუსეთთან. ეს მცირე მაგალითები მოვიყვანე ჩვენ მიმართ უსამართლო დამოკიდებულებისა, რომელიც ბევრ ევროპულ ქვეყანას არ მოსწონს, მათ შორის წამყვან ევროპულ ქვეყნებსაც. გარდა ამისა, გავითვალისწინოთ, რომ ევროპაშიც ხმა ამოიღეს, საზოგადოების ინტერესები ძალიან ბევრ შემთხვევაში არ ემთხვევა ბრიუსელის ინტერესებს და ძალიან დაბალი პროცენტი აქვთ იმ ლიდერებს, რომელიც წამყვანი ქვეყნების სათავეში დგანან. ასე რომ, ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ არის.
გავიგეთ, რომ ჩვენთან, ხელისუფლების მიმართ ამ მიზეზებით აქვთ შეუთანხმებლობა. ჯერ ერთი, ვერაფრით ამტკიცებენ, რომ საგარეო კურსი შეიცვალა. როცა ვეკითხებით, რომ რა გინდათ, ხელისუფლება, რომელიც უნდა მოვიდეს ჩვენ მაგივრად და რომელსაც ჩვენ მარიონეტულს ვეძახით, რა უნდა გააკეთოს განსხვავებული იმისაგან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ რუსეთთან მიმართებით. გვეუბნებიან, რომ ეკონომიკური სანქციები და საომარ პროცესებში აქტიური მონაწილეობა. ვერ წავალთ ამაზე. თუნდაც დავისაჯოთ, ხელისუფლება მაქვს მხედველობაში. მაგრამ როცა ხედავ, რომ შანტაჟის ეს ბიუროკრატიული მექანიზმი ხელიდან გეცლება, არის საშიშროება იმისა, რომ მთელს საზოგადოებას დაეტაკონ და განურჩევლად ყველას დაუწესონ სავიზო რეჟიმი მხოლოდ იმისათვის, რომ ხელისუფლება შეცვალოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ. მაგრამ ამის პერსპექტივა ძალიან ნაკლებია. მოლოდინი უკეთესი გვაქვს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.