Loading data...
ვოლსკი: სწორედ პატრიარქი იყო ადამიანი, რომელიც თავისი ხელით მოასვენებდა ომში დაღუპულ ჩვენს გმირებს, როდესაც სააკაშვილს ტაშ-ფანდური ჰქონდა გამართული

„სწორედ პატრიარქი იყო ადამიანი, რომელიც თავისი ხელით მოასვენებდა ომში დაღუპულ ჩვენს გმირებს, როდესაც სააკაშვილს ტაშ-ფანდური ჰქონდა გამართული“, - ამის გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა, სააკაშვილი ილია მეორის მოსკოვში ვიზიტს იხსენებს და პატრიარქის მაშინდელ გზავნილებს საკუთარ თავს უკავშირებს.

მისი თქმით, სააკაშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც პუტინთან შეხვედრისას აცხადებდა, რომ საქართველო ნატოზე უარს იტყვისო.

„მიხეილ სააკაშვილი თვითონ არაერთხელ აცხადებდა, რომ რამდენიმე ათეული შეხვედრა ჰქონდა პუტინთან, აცხადებდა, რომ საქართველო ნატოზე უარს იტყვის და ნატოში წევრობისაკენ მისწრაფებას არ უნდა გადააყოლოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა. თუკი პატრიარქი რამე სიტყვას ამბობს, ეს ყველაფერი მიმართულია იმისაკენ, რომ საქართველო არ დაინგრეს, მათ შორის, რუსული აგრესიის ქვეშ და მისი სამიზნე არ გახდეს.

რეალურად, ფაქტია, რომ სააკაშვილმა თავის მიზანს მიაღწია. შექმნა სიტუაცია, როდესაც იგი წითელ ხალიჩაზე დადგა იმის გამო, რომ რუსეთს აგინებდა, თუმცა რუსეთი მოგებული დარჩა და წაგებული დარჩა ქართველი ხალხი. ამის საწინააღმდეგოდ, არათუ არ უმოქმედია ოდესმე ეკლესიას და პატრიარქს - პირიქით, სწორედ პატრიარქი იყო ადამიანი, რომელსაც თავისი ხელით გამოჰყავდა, მოასვენებდა ომში დაღუპულ ჩვენს გმირებს, როდესაც სააკაშვილს ტაშ-ფანდური ჰქონდა გამართული“, - აცხადებს ვოლსკი.