ვოლსკი: შიდა ექსტრემისტებისა და ბლაჟევიჩის კავშირი ბნელი საქმიანობაა, რომელსაც უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება
„კანვასი“ ტრენინგებს ატარებდა, ახალგაზრდები როგორ უნდა დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და როგორ უნდა გაუკეთონ პროვოცირება სისხლიან შეტაკებას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის და მომავალი ვიცე-პრემიერის მამუკა მდინარაძის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „სუს-ში მიმდინარეობს გამოძიება საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი იგორ ბლაჟევიჩის მონაწილეობით, მოვა დრო და ძალოვანი უწყებები იტყვიან, რას გეგმავდა ოპოზიცია მასთან ერთად“.
„კონკრეტული ადამიანები ვიცით, ამ ყველაფერს ვინ აკეთებდა. სერბები იყვნენ ჩამოსული და ლექციებს ატარებდნენ. აკერმანმა სახელმძღვანელოც კი გამოსცა და პოპულარული გახდა, საქართველოში როგორ მოახდინონ რევოლუცია. აკერმანი გარდაიცვალა და ახლა ბლაჟევიჩი შემოვიდა. მისი ბრალი არ არის, მას უხდიან, რადგან ფორმულა იცის, როგორ უნდა მოახდინო დაპირისპირება სახელმწიფოსა და მომიტინგეთა შორის, როგორ დაიღვაროს სისხლი. მას რომ საქართველოს ბედ-იღბალი აღელვებს, ამის ილუზია არ უნდა გვქონდეს. რასაც სუს-ი ამბობს, ეს ბლაჟევიჩის ბრალი არ არის, ეს არის იმ უსამშობლოთა აღტყინება, რომ ქვეყანაში ის პროცესები უნდა განვითარდეს, რასაც ბლაჟევიჩი კარნახობთ. შიდა ექსტრემისტებისა და ბლაჟევიჩის კავშირი ბნელი საქმიანობაა, რომელსაც უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.