ვოლსკი ოპოზიციაზე - მათმა მხარდამჭერებმაც იხილეს, რომ საქმე აქვთ ადამიანებთან, ვისაც საქართველოს დამარცხება სურს

„ვერანაირი პლატფორმა ვერ იქნება იმაზე უფრო ძლიერი, რაც იყო არჩევნების წინ. პირიქით, გაცილებით უფრო სუსტია, ვინაიდან, მათმა მხარდამჭერებმაც იხილეს, რომ საქმე აქვთ ადამიანებთან, ვისაც საქართველოს დამარცხება სურს“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივას, რომელშიც ერთობის აუცილებლობაზე საუბრობს.
„რა პლატფორმაც არ უნდა დაარქვას, მწყერი, რომელიც ვერ ჯდება ხეზე, ვერ შეჯდება ვერასოდეს. ეს არის სალომეც, ეს არის პაატაც და სხვა არა ერთი ლიდერი. ვერანაირი პლატფორმა ვერ იქნება იმაზე უფრო ძლიერი, რაც იყო არჩევნების წინ. პირიქით, გაცილებით უფრო სუსტია, ვინაიდან, მათმა მხარდამჭერებმაც იხილეს, რომ საქმე აქვთ ადამიანებთან, ვისაც საქართველოს დამარცხება სურს. არაფერი არ იცვლება, იცვლება მხოლოდ გარემოებები, განცხადებების შინაარსი, რიტორიკის სიხისტე. იქნა გაზრდილი პერფორმანსების რაოდენობა, იმისთვის რათა დამატებითი დაფინანსება მიიღოს რევოლუციურმა გეგმამ,“ - აცხადებს ვოლსკი.