ვოლსკი ოპოზიციაზე: ეს არის საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა გუნდი, რომელიც ლამობს, რევოლუციური პროცესი განავითაროს
„ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში დაიწყებენ იმაზე საუბარს, რომ პარლამენტია სწორედ ის პლატფორმა, საიდანაც ნგრევის განხორციელება გაცილებით უფრო ეფექტურად შეეძლებათ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ქვეყანაში რევოლუციური პროცესების განვითარებას ცდილობს.
„წარსულ გამოცდილებას თუ გავიხსენებთ. 2020 წელს ამბობდნენ ძალიან ხაზგასმით, ისინი იქნებიან სიტყვის გამტეხნი, ე.წ. პუფები, თუ შემოვიდოდნენ პარლამენტში და უარს ამბობდნენ სახელმწიფოს დაფინანსებაზე და ეს არ არის სახელმწიფოს დაფინანსებად წოდებული, შეიძლება იყოს, მაგრამ არსი იმ თანხებისა მომდინარეობს იქიდან, თუ რამდენმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.
პოლიტიკურ ველზე პოლიტიკური პარტია უნდა არსებობდეს თავისი პოლიტიკური გეგმით და ამოცანით, ეს არ არის ოპოზიცია, რომელიც ჩვენ დღეს გვყავს. ეს არის საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა გუნდი, რომელიც ლამობს, რომ რევოლუციური პროცესი განავითაროს.
ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში დაიწყებენ უკვე იმაზე საუბარს, რომ პარლამენტია სწორედ ის პლატფორმა, საიდანაც ნგრევის განხორციელება გაცილებით უფრო ეფექტურად შეეძლებათ“, - აღნიშნავს ვოლსკი.