Loading data...
ვოლსკი: ნურავინ ეცდება, რომ შემოიტანოს თანხა და ჩადოს იმ ექსტრემიზმის განვითარებაში, ფინანსური დახმარება არ უნდა იყოს დაფარული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი, ბრიუსელის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების 8 მილიარდის გადარიცხვის საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ მიესალმებიან ყველანაირ დახმარებას, თუმცა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა რაში იხარჯება ეს ფული.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ფინანსური დახმარება არ უნდა იყოს დაფარული.

„არანაირი წინააღმდეგობა ჩვენი პროგრამების დაფინანსებისა არ გვაქვს, პირიქით. მივესალმებით ყველანაირ დახმარებას, მათ შორის, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების პროგრამებით ხორციელდება. 600-მდე თუ უფრო მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა ამ გამჭვირვალობის კანონის მიხედვით და, „ფარას“ კანონის მიხედვით, ყველამ ანგარიში უნდა ჩააბაროს ქვეყანას და საზოგადოებას. მათ შორის მათ, ვინც გადაიტანეს თავისი ანგარიშები და რეგისტრაცია საზღვარგარეთ. ამ პრინციპზე ვდგავართ.

რასაკვირველია, აქედან უკან არ დავიხევთ, მიუხედავად მარტა კოსის თუ სხვა საქართველოს მოძულე ადამიანთა კრიტიკისა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა თანხა შემოდის და რაში იხარჯება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის შავი ფული.

ნურავინ ნუ ეცდება, რომ შემოიტანოს თანხა და ჩადოს იმ ექსტრემიზმის განვითარებაში, რომელიც, სამწუხაროდ, ვიხილეთ თბილისის ქუჩებში და არც ახლა არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ მიზნით ხდებოდეს ამ თანხების კოორდინაცია“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.