Loading data...
ვოლსკი მარტა კოსის განცხადებაზე: ასეთი თვითლუსტრაცია არ გაგვიგია, დემოკრატიულ სამყაროში ასე არ ხდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა. 

ვოლსკის შეფასებით, მარტა კოსის განცხადება გაუგონარი თვითლუსტრაციაა და დემოკრატიულ სამყაროში ასე არ ხდება.

„ასეთი თვითლუსტრაცია არ გაგვიგია. დემოკრატიულ სამყაროში ასე არ ხდება. პირიქით, მარტა კოსი იქნება თუ ნებისმიერი სხვა კომისარი, მხარს უნდა უჭერდეს იმას, რომ გამჭვირვალედ იყოს ყველა თანხა, რომელიც ირიცხება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

თვითონ, როგორც ეძახიან საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის. ზუსტად იმ პროექტების განსახორციელებლად, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანას ხელს უწყობს განავითაროს საკუთარი დემოკრატია, პოლიტიკა და სხვადასხვა დარგი - ეს ჩვეულებრივი ამბავია. როდესაც შენ ფიქრობ და ცდილობ, რომ ეს არ იყოს გამჭვირვალე, შემოიტანო ისეთი თანხა, რომელზეც არანაირი კონტროლი არ ექნება სახელმწიფოს, ეს ნიშნავს, რომ სწორედაც იმ მიმართულებას და იმ სცენარს ავითარებ, რომელიც შენვე დაწერე და გინდა, რომ შენივე ფულით ახორციელებდე. ეს არის ექსტრემიზმი, რევოლუციის განხორციელების მცდელობა, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში არაერთგზის ვიხილეთ, მათ შორის, იმ თანხის გამოყენებით, რომელიც შემოდის სწორედ ისეთი ფონდებიდან, რომელსაც თითქოს იცავს მარტა კოსი“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი. 

მარტა კოსმა თქვა, რომ „საქართველოს მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება, ვის მივცემთ ფულს და ვეძებთ გზებს, როგორ გადავცეთ ფული სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ ისინი არ დაზიანდნენ“.