ვოლსკი: გვახსოვს საკმაოდ კომპეტენტური პირების განცხადებები, რომ სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა საქართველოში დაშვებული არასდროს ყოფილა, ახლაც იგივე შეფასება მეორდება
პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ო’სალივანის განცხადება არ არის პირველი პოზიტიური შეფასება, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა არასოდეს ყოფილა.
მისი თქმით, საქართველომ ამ საკითხებთან დაკავშირებით კომპეტენტური პირებისგან ადრეც საკმაოდ პოზიტიური შეფასებები მიიღო და ახლაც იგივე შეფასება მეორდება.
„ეს არ არის პირველი განცხადება ამ თემაზე. ჩვენ გვახსოვს სპეციალური კომისიის საქმიანობის, საკითხების შესწავლის შემდეგ საკმაოდ კომპეტენტურმა ადამიანებმა საქართველოში გააკეთეს ასეთი განცხადებები, რომ საქართველო არ არის რაღაც ნაცრისფერი თუ შავი ხვრელი, როგორც მას ზოგიერთი ბედოვლათი ვითომ პოლიტიკოსი უწოდებდა, საიდანაც ხდება აკრძალული პროდუქციის მიწოდება რუსეთისთვის და სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა საქართველოში არ ყოფილა არასდროს დაშვებული.
საკმაოდ პოზიტიური შეფასებები მიიღო ამ საკითხებთან დაკავშირებით საქართველომ, ახლაც იგივე შეფასება მეორდება. ეს არ არის მხოლოდ ერთი შეფასება, არაერთი შეფასება, რეიტინგი მეტყველებს, რომ საქართველო მართლაც დგას მოწინავეთა რიგებში და ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას უსწრებს ძალიან ბევრი მონაცემებით.
გავიხსენოთ ისიც, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას აბრალებდნენ სწორედ მაგ ბრალდებით, თითქოსდა სანქცირებული პროდუქციის გავლა ხდება საქართველოს ტერიტორიაზე.
საქართველოს აბრალებდნენ, თითქოს მან საგარეო კურსი შეიცვალა, თითქოს არჩევნები გაყალბდა. ყველა ეს მონაცემი ერთად ავიღოთ გავაერთიანოთ და მივხვდებით რამხელა ბოროტებასთან გვაქვს საქმე, როდესაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“ და მის მხარდამჭერებზე ვსაუბრობთ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.