Loading data...
ვოლსკი - ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი ოპოზიციას ისტერიკაში აგდებს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი საქართველოში ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტს გამოეხმაურა. 

ვოლსკის თქმით, ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი, ოპოზიციას ისტერიკის მდგომარეობაში აგდებს. 

ამასთან, ვოლსკი აღნიშნავს, რომ საქართველოში დესტაბილიზაციის თემა კვლავ დღის წესრიგში დგას. 

„პრაქტიკულად ისტერიკის მდგომარეობაში აგდებს ოპოზიციას. ეს ცუდია, ერთი მხრივ, იმიტომ, რომ რეალობას ვერ აღუქვამენ პოლიტიკურ სუბიექტებად წოდებული ადამიანები, ადამიანთა გაერთიანებები. და მეორე, იმითია ცუდი, რომ საქართველოში დესტაბილიზაციის თემა კვლავ დღის წესრიგშია.

რაღაცამ ხომ უნდა დაუსვას ამას წერტილი და ჩამოსვლა, ამ დონის ადამიანის საქართველოში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ამას წერტილი დაესვას და თუ კი ვინმე ფიქრობს, პოლიტიკურ ველზე საკუთარი სუბიექტის შენარჩუნებას, რა საკვირველია პროცესებში უნდა მიიღოს მონაწილეობა. არა დამანგრეველში, არა რევოლუციურში, არამედ პოლიტიკურ პროცესებში“, - განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ეწვია.