ვოლსკი - ბრიუსელსა და თბილისს შორის აზრთა სხვადასხვაობა არ ნიშნავს, ხალხს დაემუქრო, რომ სისხლისღვრა, სიბნელე და განვითარების პერსპექტივის არქონა გარდაუვალია
„ბრიუსელსა და თბილისს შორის აზრთა სხვადასხვაობა თუ არსებობს, ეს არ ნიშნავს, ხალხს დაემუქრო, რომ სისხლისღვრა, ეკონომიკური ნგრევა, სიბნელე და განვითარების პერსპექტივის არქონა გარდაუვალია. ეს მუქარაა“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ევროკავშირის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
ვოლსკის თქმით, ევროკავშირის ელჩის მუქარაზე ერთადერთი რეაგირება შეიძლება ყოფილიყო ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება.
„რასაკვირველია, ეს პოლიტიკური დემარშია, მაგრამ ამ დემარშს არ შეიძლება, მოჰყვეს უშინაარსო საპასუხო განცხადება, მიზეზი კონკრეტულად უნდა ითქვას. რა მიზეზია საიმისოდ, მთელ ხალხს და საქართველოს რომ ჰპირდება, იქნება ბნელი პერიოდი, რომელიც უკან, 90-იან წლებში გაცილებით მძიმე ფორმებით დაგვაბრუნებს. თუმცა, საკითხავია, 90-იანებში დაბრუნებას გულისხმობდა, თუ 2012 წლამდე პერიოდს, როდესაც ადამიანების წამება და მოკვდინება ჩვეულებრივი ამბავი იყო და არც ჰერჩინსკის, არც მის წინამორბედს ამასთან დაკავშირებით განცხადება არასდროს გაუკეთებია.
აქედან უნდა დავასკვნათ, რომ დაპირისპირება არ წარმოადგენს იმ რეალობის პასუხს, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი და რომელიც ყველაზე ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანიების მიერაა შეფასებული. საქართველო მოწინავეთა შორისაა და არ არსებობს არანაირი წინაპირობა, რომ აქ შავბნელი პერიოდი დადგება, როდესაც ადამიანები ერთმანეთის სისხლს დაღვრიან.
რაც უნდა თბილი სიტყვებით იყოს შეზავებული ეს განცხადება, აშკარა მუქარაა და ამ მუქარასთან დაკავშირებით ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. ამის შემდეგაც ვერ მოვისმინეთ რაიმე არგუმენტირებული პასუხი, რომ მაგალითად, უნდა დავფიქრდეთ, გვჭირდება თუ არა შავი ფულის შემოდინების პრევენცია, ჩვენს ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდა, ლმობიერები უნდა ვიყოთ თუ არა ადამიანებთან, რომლებიც ცეცხლს ხსნიან შუა ქუჩაში და სახელმწიფოს ყველაზე ბრუტალური ფორმებით ესხმიან, რაც ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ. ეს თუ ევროკავშირის მოთხოვნაა, ამასთან დაკავშირებით კიდევ დამატებითი კომენტარებია საჭირო.
გამჭვირვალობაში ცუდი რა არის, რა არის ცუდი იმაში, რომ ჩვენ არ გვინდა, სამედიცინო ჩარევა მოხდეს სქესის შესაცვლელად ან დაშვებული იყოს ერთნაირსქესიანთა ქორწინება. რა არის ცუდი იმაში, რომ სახელმწიფო თავს იცავს მაშინ, როდესაც რევოლუცია დაფინანსებულია და ხშირ შემთხვევაში, სწორედ ჰერჩინსკის წარმომადგენლობის მიერ. ეს არის ის, რის გამოც ჩვენ უნდა დავისაჯოთ და საქართველოში სისხლის გუბეები დადგეს? ჰერჩინსკიმ ამაზე უნდა გაგვცეს პასუხი და ამ მიმართულებით თქვენ შესაბამისი შეკითხვებიც უნდა დაუსვათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.