ვოლსკი აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: იმედი გვაქვს, ურთიერთობები პოზიტიური მიმართულებით განვითარდება, ჩვენი ურთიერთობების ტრაექტორია უნდა შეიცვალოს
ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში აფასებენ.
მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვა შესაძლებელი გახდება.
პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი ეთანხმება პოზიციას, რომ ურთიერთობის ტრაექტორია უნდა შეიცვალოს.
„იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობები პოზიტიური მიმართულებით განვითარდება. რაც შეეხება იმას, რომ ტრაექტორია ჩვენი ურთიერთობებისა უნდა შეიცვალოს, სრულიად ვეთანხმები და ეს ყველაფერი კარგად იყო ასახული იმ განცხადებაში, რომელიც გაკეთდა ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შემდეგ.
საჭიროა პოლიტიკური სტაბილურობა და საჭიროა ბიზნესს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება ამ რეგიონში, მათ შორის საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატების შორის ურთიერთობები არის საკვანძო მნიშვნელობის“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კონგრესმენების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება“. „ჩვენ მივიღეთ რამდენიმე პოზიტიური გამოხმაურება და ამიტომ, ჩვენი იმედია, რომ ვიხილავთ ტრაექტორიის ცვლილებას საქართველოს შემთხვევაში იმ მდგომარეობიდან, სადაც ის დღეს იმყოფება“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.