ვოლსკი: არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობდნენ, ძალადობრივი გზით ხელისუფლება შეცვლილიყო, აორგანიზებდნენ რადიკალურ აქციებს, ამ ყველაფრის უკან დგას მეორე ფრონტის გახსნის გეგმა

„ადამიანები როცა ისეთ ნივთებს ყიდულობენ, რომელიც პოლიციასთან აუცილებლად შეჯახების ორგანიზებისთვის უნდა დასჭირდეთ, ეს მიუთითებს, რომ ჩართული არიან შეჯახების ორგანიზების პროცესში“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პირველ არხს განუცხადა.
ვოლსკის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად და ფინანსურად ახალისებდნენ დესტაბილიზაციის ორგანიზების პროცესს, რისი ფაქტებიც იყო.
„ამ ყველაფერს არათუ ორგანიზებას უკეთებდნენ, არამედ თავის დამოკიდებულებას ღიად გამოხატავდნენ და საკუთარი წესდებით განსაზღვრული ნორმებიდან გასული იყვნენ. ეს ის ფაქტია, რაზეც თავად ლაპარაკობდნენ და განცხადებებს აკეთებდნენ. რადიკალურ აქციებს აორგანიზებდნენ. ამ ყველაფრის უკან დგას გარკვეული გეგმა და სქემა, რასაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა ჰქვია. ეს პროცესი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ არ გაჩერებულა და ამაში ლომის წვლილი მიუძღვით არასამთავრობო ორგანიზაციებს. მათი მცდელობა იყო, ძალადობრივი გზით ხელისუფლება შეცვლილიყო და ის გეგმა განხორციელებულიყო, რაც ითვალისწინებდა საქართველოს ცეცხლის პროცესში ჩართვას. ახლა დადასტურდა, რომ ამ პროცესებს დიდი ფინანსებით უჭერდნენ მხარს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.