Loading data...
ვოლსკი: არ არსებობს დღეს პოლიტიკა, რომელიც შეიძლება იყოს პრორუსული, არსებობს პოლიტიკა, რომელიც შეიძლება მიმართული იყოს იმისკენ, რომ ომში ჩაერთო რუსეთის წინააღმდეგ, რაც ნგრევას გამოიწვევს და ეს პრორუსულობას არ ნიშნავს

არის ერთი საკითხი, რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა - რეალობაში არ არსებობს დღეს პოლიტიკა, რომელიც შეიძლება იყოს პრორუსული. არსებობს პოლიტიკა, რომელიც შეიძლება მიმართული იყოს იმისკენ, რომ ომში ჩაერთო რუსეთის წინააღმდეგ, რაც ნგრევას გამოიწვევს და ეს პრორუსულობას არ ნიშნავს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის ფაქტს და ბუქარესტში ნატოს სამიტზე გაკეთებული განცხადება გაიხსენა, რომელიც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას გულისხმობდა.

მისი თქმით, ამას 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მხრიდან რეაგირება მოჰყვა.

„ეს დიდი პოლიტიკური, გლობალური თამაშები მიმდინარეობს. ამერიკის შეერთებულ შტატებს რასაკვირველია ღირებულებითი სიახლოვე აქვს საქართველოსთან და მთელი რიგი საკითხი აქვს ევროპასთან, მათ შორის ეკონომიკური, რაც შეერთებული შტატების ინტერესებს პასუხობს. კი, უფსკრულია დღეს მათ შორის, მაგრამ ეს უფსკრული ამოივსება, როგორც კი ორივე მხარის ინტერესი იქნება ამასთან დაკავშირებით.

უნდა დავუშვათ, რომ აშშ ნაბიჯს არ დგამს ჯერ ამ ღირებულებითი ფასეულობებით ახლო მდგომ საქართველოსკენ, მაგრამ იქ, ვაშინგტონში რაღაც შეხვედრები დაიწყო, ვიღაც სენატორი წინ აღუდგა საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ საშინელ პროექტს [მეგობარი აქტს]. ასე რომ, გაცილებით უფრო დიდი და მწვავეა მსოფლიო პრობლემები, რომ ერთმნიშვნელოვანი პასუხი მქონდეს“, - აღნიშნავს ვოლსკიმ.