ვოლსკი აქციების დროს დაკავებულების შეწყალების მოწოდებაზე: ერთი ადამიანი მაინც მაჩვენეთ, რომელიც ამბობს, რომ არ გააგრძელებს საქართველოს ნგრევას?!
ერთი ადამიანი მაინც მაჩვენეთ, რომელიც ამბობს, რომ არ გააგრძელებს საქართველოს ნგრევას?!, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ახლადარჩეული პატრიარქისადმი მოწოდებას, რომ შეიწყალოს აქციების დროს დაკავებული პირები.
როგორც „დღის ქრონიკასთან“ გია ვოლსკიმ აღნიშნა, დაკავებულებიდან არცერთს არა თუ სინანული არ გამოუთქვამს ჩადენილი დანაშაულის გამო, პირიქით, ისინი ღიად აცხადებენ, რომ მზად არიან, გააგრძელონ დესტრუქციული ქმედებები.
„შეწყალება არ ნიშნავს მხოლოდ პატიებას, შეწყალება ნიშნავს ადამიანის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვას, როდესაც იგი თუნდაც არ ინანიებს. მაგრამ როდესაც საქმე ეხება საზოგადოების უდიდესი ნაწილის, თუნდაც ეკლესიის და საერთოდ საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას, რასაკვირველია, აქ უნდა გამოვარჩიოთ ერთი მთავარი თვისება, მახასიათებელი, რომელიც გააჩნია იმ ადამიანებს, ვის შეწყალებაზეც საუბრობენ.
თვითონ ჩადენილი დანაშაულია მძიმე. შეწყალებაც შეიძლება, მაგრამ ადამიანთა ეს ნაწილი არც ამ შეწყალების მადლიერია და ამბობს, რომ „მე გავაგრძელებ იმ საქმიანობას, რასაც საქართველოს დანგრევა და ცეცხლში გახვევა ჰქვია“.
ვისი პრეროგატივაც არის ამ გადაწყვეტილების მიღება-არ მიღება, რასაკვირველია, ის ათჯერ დაფიქრდება. ეს ნაბიჯი დაკავშირებულია უდიდეს პასუხისმგებლობასთან იმ ბავშვების, იმ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც შეიძლება უმძიმეს დღეში ჩააგდოს ამ ქმედებებმა, რომლებიც დღეს უკვე ბრალდებული პირების ქმედებას შეიძლება მოჰყვეს. მით უმეტეს, როცა ასეთი ინტენსიური პოლიტიკური და ფინანსური დახმარება შემოდის იმ ძალებისაგან, ვისაც ჩვენ ვეძახით ხან „ომის პარტიას“, ხან „დიფ სთეითს“. ძალიან რთულ საკითხს შევეხეთ. ერთი ადამიანი მაინც მაჩვენეთ, რომელიც ამბობს, რომ არ გააგრძელებს საქართველოს ნგრევას?!“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.