ვლადიმერ ბოჟაძე საპროტესტო აქციაზე: სამწუხაროა, რომ დღევანდელ აქციაზე სხვა ქვეყნის დროშები უფრო მეტია, ვიდრე საქართველოსი

„გულდასაწყვეტია, რომ ის არამეგობრული აქტი, რომელიც კონგრესმა მიიღო, ხდება ოპოზიციის მხრიდან მადლიერების საფუძველი, სამწუხაროა, რომ დღევანდელ აქციაზე სხვა ქვეყნის დროშები უფრო მეტია, ვიდრე საქართველოსი“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ამომრჩეველს 6 თვეა ატყუებს, რომ არჩევნები გაყალბდა.
„უკვე 6 თვეა არჩევნების მერე გასული და საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ოპოზიცია მანამდე ატყუებდა, თითქოს ერთიანები იყვნენ და გაიმარჯვებდნენ, ახლა უკვე 6 თვეა ატყუებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. უკვე საზოგადოება კარგად ხედავს იმ სიმართლეს, რაც თავიდანვე ცნობილი იყო.
ჩვენ ყველას გვახსოვს ის რადიკალური აქციები, დაპირისპირება პოლიციასთან, თუმცა ახლა უკვე ვხედავთ იმ რაოდენობას ადამიანებისა, რომლებიც მხოლოდ პოლიტიკური და ვიწრო პარტიული ინტერესის გამო ატარებენ აქციებს და რეალურად, ხდება აქციების მარგინალიზაცია, რადგან საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ არანაირ ევროპულ მომავალს საფრთხე არ ემუქრება, რომ მელიას, გვარამიას, ვადაგასული პრეზიდენტის და ა.შ. იმედზე ყოფნა არ შეიძლება, ისინი საქართველოს მომავლისთვის კი არა, საქართველოს წარსულში დაბრუნებისთვის იბრძვიან.
რაც შეეხება დღევანდელ აქციას, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ ის არამეგობრული აქტი, რომელიც კონგრესმა მიიღო, ახლა უკვე გვხვდება ოპოზიციის მხრიდან მადლიერების გადახდის საფუძველი და სამწუხაროა, რომ დღევანდელ აქციაზე სხვა ქვეყნის დროშები უფრო მეტი იხილა საზოგადოებამ, ვიდრე საქართველოს დროშები“, - აღნიშნავს ბოჟაძე.