Loading data...
ვლადიმერ ბოჟაძე: სამწუხაროდ, გერმანიის ელჩი პირდაპირ არის ჩართული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში

„სამწუხაროდ, გერმანიის ელჩი პირდაპირ არის ჩართული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ მოლდოვას „დახმარებასთან“ დაკავშირებით გერმანიის ელჩის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ცდილობენ, საზოგადოებას შეუქმნან წარმოდგენა, რომ რაღაც ვირტუალური 2 მილიარდი დაკარგა სახელმწიფომ.

„ოპოზიცია საუბრობდა, რომ როდესაც ჩვენ არ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი ამის გამო რაღაც 14 მილიარდი დახმარება დავკარგეთ. მერე აღმოჩნდა, რომ კანდიდატის სტატუსი აგერ უკვე მეორე წელია მიღებული გვაქვს და თურმე არანაირ 14 მილიარდზე საუბარი არ არის ისევე, როგორც არანაირი 14 მილიარდი ან მილიარდები არ მიუღია ევროკავშირის კანდიდატ უკრაინას ან მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების გამო.

ახლაც საუბარია იმაზე, რომ საზოგადოებას ჩვენს ქვეყანაში შეექმნას წარმოდგენა, რომ ჩვენ რაღაც ვირტუალური 2 მილიარდი დავკარგეთ და ეს 2 მილიარდი ქართველ ხალხამდე არ მივიდა მარტო იმის გამო, რომ ეს თურმე „ქართული ოცნების“ ბრალია ან რაღაც გაუგებრობაა ევროკავშირთან ურთიერთობის გამო. სიმართლე არის ერთადერთი, რომ მათ შორის, სამწუხაროდ, გერმანიის ელჩი პირდაპირ არის ჩართული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - აღნიშნავს ბოჟაძე.