Loading data...
„ვიდრე ხსენებული პოლიტიკოსი საჯარო ბოდიშს არ მოიხდის მის მიერ გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებისთვის, არხი უარს აცხადებს, გააშუქოს გახარიას პოლიტიკური პარტიის ნებისმიერი აქტივობა“ - „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ბაკურ ბაკურაძე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის მიერ შეურაცხმყოფელ განცხადებას, რომელიც მან არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო შუბლაძის მისამართით გაავრცელა, სპეციალური განცხადებით ეხმაურება:

„ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გუნდის სახელით მინდა, გამოვეხმაურო პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ბუჩუკურის შეურაცხმყოფელ განცხადებას, რომელიც მან ჩვენი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო შუბლაძის მისამართით გაავრცელა.

პირველ რიგში, კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რასაც ანა ბუჩუკური ავლენს არხის საინფორმაციო სამსახურის მიმართ. სამწუხაროდ, ეს არ არის ტელეკომპანიაზე, არხის წამყვანებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა.

მიუხედავად ამისა, ჩვენი არხის ეთერი ყოველთვის ღია იყო ამ პარტიის წარმომადგენლებისთვის, ისინი მონაწილეობდნენ როგორც პოლიტიკურ „თოქ შოუში“, ასევე მათი მოსაზრებები მუდმივად შუქდებოდა საინფორმაციო გამოშვებებში.

ქალბატონი ბუჩუკურის დღევანდელი განცხადება ვეღარ დარჩება რეაგირების გარეშე. არხის სახელით ვაცხადებ, რომ ვიდრე ხსენებული პოლიტიკოსი საჯარო ბოდიშს არ მოიხდის მის მიერ გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებისთვის, არხი უარს აცხადებს, გააშუქოს გახარიას პოლიტიკური პარტიის ნებისმიერი აქტივობა. ასევე, მათ აღარ დაეთმობათ ეთერი ჩვენი არხის პოლიტიკურ გადაცემებში.

სამწუხაროდ, ცალკეული აგრესიული პოლიტიკოსების მხრიდან ჟურნალისტების შეურაცხყოფამ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, სისტემატური სახე მიიღო. მე, არხის დირექტორი და ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი არ მოვითმენთ მსგავს დამოკიდებულებას აგრესიული პოლიტიკოსების მხრიდან“, - აცხადებს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ბაკურ ბაკურაძე.

ცნობისთვის, ანა ბუჩუკურმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის წერს: „გუშინ სუსის ფილიალის, „რუსთავი 2“-ის თანამშრომელს, ქალბატონ ნინო შუბლაძეს ეთერში ნაწყენს უთქვამს, რომ თურმე ჩემზე გაბრაზებულია და რომ თურმე ჟურნალისტებთან ქცევა არ ვიცი.

ამ ფრაზაში ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ქ-ნი შუბლაძე საკუთარ თავს ჟურნალისტს უწოდებს. არა, ქალბატონო ნინო. თქვენ ჟურნალისტი არ ხართ. თქვენ პირადად მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს მაშინდელი პროპაგანდის მსახური იყავით - ადამიანებს რომ აწამებდნენ, ზუსტად მაგ დროს. დღეს ივანიშვილის რეჟიმის მსახური ხართ. ხვალ იმას მოემსახურებით, ვინც მეტს გადაგიხდით. ეს არ არის ჟურნალისტობა.

სხვათა შორის, ეს სტატუსი ნინო შუბლაძეზე საერთოდ არ არის - ამ შემთხვევაში ეს ერთი ინდივიდი უბრალოდ მაგალითია პროფესია „მსახურის“.

მე არ ვიცი, რატომ და როგორ მივედით იქამდე, რომ ეს ფენომენი საზოგადოებაში ნორმალიზდა…“.