Loading data...
ვეტერანი მალხაზ თოფურია ეროვნულ გვარდიაში „ნაცმოძრაობის“ დროს განვითარებულ მოვლენებზე: სარდალი წაქაძე სააკაშვილის „გმირის“ ყველა ნორმატივს ასრულებდა, ბრძოლაში დაღუპული 200 ბიჭის სურათები ნაგავში გადააყრევინა - ხმის ამოღება ვერავინ გაბედა ერთი ოფიცრის, ზურაბ სიდამონიძის გარდა, რომელმაც სურათები მოკრიბა და თავის მანქანაში ჩაალაგა

„გამოჩნდა გვარდიაში სარდალი, რომელმაც [ომში დაღუპულების] სურათები ყუთიდან გადმოყარა და წიხლებით შედგა, ესენი როდემდე უნდა მეყაროს აქო. გვარად წაქაძე, კაპიტანი - ჯერ გვარდიას რომ სარდლად კაპიტანს დაუნიშნავ, პატარა ბიჭს, ახალი ჯიშის გამოყვანილს“, - ამის შესახებ ვეტერანმა მალხაზ თოფურიამ, ეროვნულ გვარდიაში „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არსებულ ვითარებაზე საუბრისას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, გვარდიის ახალმა სარდალმა, ომში დაღუპული მებრძოლების სურათები ნაგავში გადააყრევინა, ამ ფაქტზე კი ხმის ამოღება მხოლოდ ერთმა ოფიცერმა, ზურაბ სიდამონიძემ გაბედა, რომელმაც ფოტოები აკრიბა და გია ყარყარაშვილის „ვეტერანთა ლეგიონის“ ოფისში მიიტანა.

„როგორც გამოჰყავდათ ახალი ჯიში, წაქაძის სახითაც გამოიყვანეს ახალი ჯიში და ის სააკაშვილის „გმირის" ყველა ნორმატივს ასრულებდა. 200 ბიჭის სურათი იყო, იქ ავარიით და გულით მკვდარი არავინ იყო, ყველა ბრძოლაში დაღუპულზეა საუბარი და ეს სურათები ნაგავში გადააყრევინა.“ სააკაშვილმა მანდ ნამდვილად გაიმარჯვა, რადგან ხმის ამოღება ვერავინ გაბედა ერთი ოფიცრის, დაბალჩინოსნის გარდა, რომელმაც მოკრიბა ეს სურათები, თავის მანქანაში ჩაალაგა - ზურაბ სიდამონიძემ.

ამ ბიჭის ტრაგედია კიდევ ცალკეა, მაგრამ, ალბათ ის არც მოვა კომისიაზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრავმების გამო. იქ რამდენიმე ოფიცერმა უთხრა, რას აკეთებ, ხომ იცი რაც მოგივაო; ის ოფიცრები ლოგიკურად აზროვნებდნენ, მაგრამ არა ღირსეულად, ჩემი აზრით. მათაც გული სწყდებოდათ, მაგრამ ვერ ბედავდნენ. დრო იყო ასეთი, წაქაძემ თქვა და დამთავრდა. მოიტანა ეს სურათები ჩვენთან, ოფისში, კაკაბაძეზე, გია ყარყარაშვილის „ვეტერანთა ლეგიონი“ იყო და [სიდამონიძემ] ეს ფოტოები ოფისში მოიტანა“, - განაცხადა მალხაზ თოფურიამ.