Loading data...
ვახტანგ გომელაური - ნივთიერებებს, რომელზეც არის საუბარი, შსს 2012 წლამდე იყენებდა, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ, რომ „ნაცებმა“ კატა გამოთხარეს

„ნივთიერებებს, რომელზეც არის საუბარი, შსს იყენებდა 2012 წლამდე, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ, რომ „ნაცებმა“ კატა გამოთხარეს“, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „ბიბისის“ სიუჟეტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ნივთიერება 2012 წლის შემდეგ აღარ გამოიყენებოდა.

„ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე, თუ არ ვცდები ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ „ნაცებმა“ კატა გამოთხარეს“, – განაცხადა გომელაურმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში.

ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.