ვახტანგ ჩოჩია: ქართული ენა, როგორც სავალდებულო საგანი, გაუქმდა „ნაცმოძრაობის“ პერიოდში და ეს იყო, მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი, რომელიც გულისხმობდა ყოველგვარი ქართულის წინააღმდეგ ბრძოლას

„ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურს, რომ უმაღლესი განათლება მიიღოს, უნდა შეეძლოს გამართულად საკუთარ ენაზე საუბარი, წერა და ზოგადად, ქართული ენის ფარგლებში აზროვნება“,- ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსმა ვახტანგ ჩოჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების საკითხს.
„ქართული ენა, როგორც სავალდებულო საგანი გაუქმდა „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი, რომელიც გულისხმობდა, ყოველგვარი ქართულის წინააღმდეგ ბრძოლას, მათ შორის, ქართული ენის და ქართული კულტურის წინააღმდეგ ბრძოლას.
ჩვენ დავაბრუნებთ ქართულ ენას უნივერსიტეტებში. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურს, რომ უმაღლესი განათლება მიიღოს, უნდა შეეძლოს გამართულად საკუთარ ენაზე საუბარი, წერა და ზოგადად, ქართული ენის ფარგლებში აზროვნება“, - აღნიშნა ჩოჩიამ.