ცოტნე ანანიძე: მინდა ქართველ ხალხს მივულოცო 1-ელი ოქტომბერი! ცხადია, ეს არ გახლავთ კონკრეტული მმართველი გუნდის პარტიის გამარჯვება, ეს არის საქართველოს გამარჯვება, ქართველი ხალხის გამარჯვება
„მინდა ქართველ ხალხს მივულოცო 1-ელი ოქტომბერი! ცხადია, ეს არ გახლავთ კონკრეტული მმართველი გუნდის პარტიის გამარჯვება, ეს არის საქართველოს გამარჯვება, ქართველი ხალხის გამარჯვება“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ.
მისივე თქმით, დღესაც კარგად ახსოვთ საქართველოს მოქალაქეებს, რამდენი ბრძოლა, ტკივილი და რამდენი დაკარგული მოქალაქე ჰყავს იმ ბრძოლებს, რომლებიც სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმის შეცვლას უკავშირდებოდა.
„1-ელი ოქტომბერი ქართველი ხალხის გამარჯვების დღეა. ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა და იმ მედიასაშუალებებში, რომლებსაც ხელისუფლების შეცვლა სურთ, გარკვეული ტიპის პროპაგანდა გააქტიურდა - აპელირებენ იმაზე, რომ კვლავ 9-წლიან რეჟიმზეა ლაპარაკი. იმ პერიოდში 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ციხის სისტემა გვქონდა, რასთან ბრძოლაც უწევდა ქვეყანას, მართლმსაჯულება კი ნეგატიური კონტექსტით ჩრდილოეთ კორეასაც კი უსწრებდა.
1-ელ ოქტომბერს ეს ეპოქა დასრულდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან თავისუფლება მოიტანა. დღეს საქართველოში 40-მდე ქართული არხი მაუწყებლობს, ანტენებს აყადაღებდნენ, ტელევიზიებს არბევდნენ, მათ შორის იყო ტელეკომპანია „იმედიც“, ჩვენს რეგიონში ტელეკომპანია „25“. აბსოლუტურად განსხვავებულია იმ პერიოდის რეალობა და დღევანდელი რეალობა შეადარო ერთმანეთს და უტიფრად თქვა, რომ მედიის თავისუფლება გაუარესებულია საქართველოში“, - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.