Loading data...
წილოსანი ევროპის აუდიტორთა დასკვნაზე: გვიხარია, რომ ჩვენ მიერ გატარებულმა პოლიტიკამ უზრუნველყო, რომ თავი გადაგვეზღვია ასეთი რევოლუციური სცენარებისგან

„გვიხარია, რომ ჩვენ მიერ გატარებულმა პოლიტიკამ უზრუნველყო, რომ თავი გადაგვეზღვია ასეთი რევოლუციური სცენარებისგან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ევროპის აუდიტორთა დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გრანტების კანონში შესატანი ცვლილებები, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს იმას, რომ სიძულვილის გავრცელება და შუღლის ჩამოგდება დასრულდება. 

„რა თქმა უნდა, 7 მილიარდზე მეტი ევროს გამომჟღავნება იმ მიმართულებით, რომ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი დაფინანსებულიყო და ამავდროულად ქვეყნებში არეულობები, რევოლუციური სცენარები მოწყობილიყო, პირდაპირ კავშირშია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან.

გვიხარია, რომ ჩვენს მიერ გატარებულმა პოლიტიკამ უზრუნველყო, რომ თავი გადაგვეზღვია ასეთი რევოლუციური სცენარებისგან. თუმცა, გრანტების კანონში შესატანი ცვლილებები, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს იმას, რომ არა მხოლოდ რევოლუციური სცენარები იყო გადაზღვეული, არამედ ის მავნებლური იდეოლოგია, რომელსაც „ენჯეოები“ ახორციელებენ, მაგალითად, სიძულვილის გავრცელება, შუღლის ჩამოგდება და ასე შემდეგ, იყოს სამუდამოდ დასრულებული“, - აღნიშნა წილოსანმა.

ცნობისთვის, გერმანულმა მედიამ ევროკავშირის აუდიტის სკანდალური დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე სხვადასხვა სფეროში 2021 – 2023 წლებში 7 მილიარდ ევროზე მეტი დაიხარჯა. დასკვნის თანახმად, დაუდგენელია თანხის ჩარიცხვის მიზნები, ასევე უცნობია, კონკრეტულად, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები იღებდნენ დაფინანსებას. ევროპარლამენტარ მონიკა ჰოლმაიერის განცხადებით კი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ზოგი არასამთავრობო ორგანიზაცია ადგილობრივ დონეზე პროტესტებს უჭერდა მხარს, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა.