Loading data...
თორნიკე ჭეიშვილი: რაც დღეს რადიკალური ოპოზიციის რიგებში ხდება, გვაძლევს პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მათი მარცხი გარდაუვალია

„რაც დღეს რადიკალური ოპოზიციის რიგებში ხდება, გვაძლევს პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მათი მარცხი გარდაუვალია“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციაში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიცია ღრმა პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება.

„ის რაც დღეს რადიკალური ოპოზიციის რიგებში ხდება, თუნდაც კანდიდატურების წამოყენება, თუ პირიქით, გარკვეული რღვევის პროცესი, როდესაც კონკრეტული პირები ტოვებენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრი პარტიების რიგებს, მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება რადიკალურ ოპოზიცია. ეს ჩვენ გვაძლევს პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მათი ძალიან მწარე მარცხი გარდაუვალია“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.