1756325541
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი პაუერის განცხადებაზე: ეს აღიარება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ აუცილებელია არსებობდეს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს გარე ფონდების მხრიდან დაფინანსებული ორგანიზაციების გამჭვირვალობას

რუს „პრანკერებთან“ USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის განცხადებებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, მსგავსი ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობის აუცილებლობას, რომელიც უზრუნველყოფს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობას.
„ეს აღიარება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ აუცილებელია სახელმწიფოში არსებობდეს ძალიან მკაფიო საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალობას იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც შეიძლება ფინანსდებოდნენ შესაბამისი გარე ფონდების თუ გარე აქტორების მხრიდან. სწორედ ეს არის ალბათ საფუძველი იმისა, რაც მოჰყვა საქართველოში გამჭვირვალობის კანონმდებლობის შემოღებას“, - აღნიშნავს ჭეიშვილი.