Loading data...
თორნიკე ჭეიშვილი: კუბილიუსი ერთგვარი იდეური მოძმეა ცნობილი უილსონისა, ერთი აშშ-ში „მოღვაწეობს“, მეორე ევროკავშირის მასშტაბით

„კუბილიუსი ერთგვარი იდეური მოძმეა ცნობილი ჯო უილსონისა. ერთი შეერთებულ შტატებში „მოღვაწეობს“, მეორე ევროკავშირის მასშტაბით და წარმოადგენს ევრო ბიუროკრატიას, რომელიც არის „დიფ სთეითის“ სერიოზული გავლენების ქვეშ“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ანდრიუს კუბილიუსის განცხადების შეფასებისას განაცხადა. 

მისი თქმით, ევროკავშირს თავისი უსაფრთხოება აინტერესებს. 

„ეს განცხადება არის აღიარება იმის თაობაზე, რომ ევროკავშირს აინტერესებს უპირველესად თავისი უსაფრთხოება და ბედ-იღბალი, რაშიც ალოგიკური არაფერი არ არის. ცდილობს იმას, რომ ამ ე.წ. პროქსი ომების, სხვადასხვა მესამე სახელმწიფოების ჩართულობით შექმნას გაცილებით უფრო მტკიცე და მყარი გარანტიები საკუთარი თავისთვის. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ უკრაინის ომი. ეს არის პროქსი ომი და დადასტურებულია შეერთებული შტატების მხრიდანაც.

კონკრეტული ევრო ბიუროკრატები ცდილობენ იმას, რომ ეს ომი არა თუ დასრულდეს, არამედ გაგრძელდეს გაურკვეველი ვადით. და მეორე მხრივ გავიხსენოთ საქართველოს მიმართ მოწოდებები თუნდაც ბალტიისპირეთი სახელმწიფოების მხრიდან. ეს იყო ერთგვარი ისრების გადატანის მცდელობა საქართველოზე. წამქეზებლური განცხადებები იმასთან მიმართებით, რომ აქ მეორე ფრონტის ხაზი ყოფილიყო გახსნილი, მეორე მხრივ რუსეთისთვის ებიძგებინათ, რომ გადმორთულიყო საქართველოზე, რაც მათთვის, როგორც თავად ფიქრობენ, იქნებოდა დამატებითი გარანტია შიდა უსაფრთხოებისთვის და სიმშვიდისთვის.

ჩვენ დღეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვართ ე.წ. რეალიზმის ეპოქაში და რეალიზმის პოლიტიკაა მსოფლიოში გავრცელებული, რომელიც დადასტურებულია შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, სადაც საუბარია იმაზე, რომ თითოეულ სახელმწიფოს აქვს საკუთარი ეროვნული ინტერესები.

არაფერი შეიძლება გასაკვირი არ იყოს იმაში, რომ ევროკავშირი, ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, ან კონკრეტული სახელმწიფო საკუთარ უსაფრთხოებაზე ფიქრობს, მაგრამ ეს ისე არ უნდა გამოვიდეს, რომ უსაფრთხოებას მიაღწიონ სხვა ქვეყნების ხარჯზე.

სწორედ ამგვარი დამოკიდებულების მანიშნებელია კუბილიუსის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ პლაცდარმად, საზარბაზნე ხორცად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სახელმწიფო, სხვა ტერიტორია, სხვა ერი, ოღონდ თავად სიმშვიდის გარანტიები ჰქონდეს“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობა ევროპის უსაფრთხოების გარანტია არ არის.