თორნიკე ჭეიშვილი: ევროკავშირი როდესაც იქმნებოდა, ერთ-ერთ მთავარ პრინციპად იქნა აღიარებული თანასწორუფლებიანობა, რათა დიდ სახელმწიფოებს არ ჰქონოდათ პატარა ქვეყნებზე ზეგავლენის ბერკეტები
ევროკავშირი, როდესაც იქმნებოდა, ერთ-ერთ მთავარ პრინციპად და ღირებულებად იქნა აღიარებული თანასწორობა, თანასწორუფლებიანობა, იმისთვის, რათა ჩვენ არ მიგვეღო ის შედეგი, რომ დიდ სახელმწიფოებს ჰქონოდათ ზეგავლენის ბერკეტები პატარა ქვეყნებზე და ფაქტობრივად, ჰქონოდათ საშუალება იმისა, რომ პირდაპირ დაპირისპირებოდნენ მათ ეროვნულ ინტერესებს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ევრობიუროკრატიას და ბრიუსელს გადაწყვეტილი აქვს, რომ ერთის მხრივ, დეკლარირებული გაფართოების პროცესის კვალდაკვალ, შემოიღოს პირდაპირი სეგრეგაცია წევრთა შორის და ეს იქნება ახლად გაწევრებული სახელმწიფო თუ შედარებით პატარა ქვეყანა, მას შეუქმნას იმგვარი პირობები, რომლებიც გულისხმობს, რაც შეიძლება მეტი ვალდებულების აღებას ამ სახელმწიფოებისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ, მათთვის ყოველგვარი უფლების აყრას, რაც პირდაპირ არის საფრთხის შემცველი სახელმწიფო სუვერენიტეტისთვის“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.