Loading data...
თორნიკე ჭეიშვილი ელისაშვილის განცხადებაზე: ხომ არ აპირებენ პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული მუნიციპალური ორგანოები გაწმინდონ პირველსავე დღეს და თავისი პარტაქტივი მოიყვანონ, რომელიც შეიძლება მართლაც იყოს შესაბამისი მითითებების, თუნდაც გაფიცვაში იძულებით მონაწილეობის ბრმად შემსრულებელი - სხვა ლოგიკური ახსნა ამ აბსურდულ განცხადებას თუ დაპირებას არ შეიძლება ჰქონდეს

„აქ რომ პოლიტიკოსებთან არ გვაქვს რეალურად საქმე, უკვე ცხადია იმის გათვალისწინებით, რომ არც ერთი ჭკუათმყოფელი პოლიტიკოსი მსგავს განცხადებას და „დაპირებას“ წინასაარჩევნოდ არ გასცემს, იმიტომ, რომ ისინი, მათ შორის, საკუთარ ამომრჩეველსაც, თუკი ასეთი ამ განცხადების შემდეგ კიდევ დარჩა, ჰპირდებიან იმას, რომ მოხდება ქალაქის პარალიზება და სრული კოლაფსი“, - ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომელმაც ირაკლი კუპრაძის მერად არჩევის შემთხვევაში, მუნიციპალური სამსახურების გაფიცვა დააანონსა.

ჭეიშვილის განცხადებით, გაფიცვა არის ნებაყოფლობითი, შესაბამისად, ჰიპოთეტურად რომ წარმოვიდგინოთ ეს ადამიანები ქალაქის სათავეში, ელისაშვილის განცხადება აჩენს ეჭვს, ხომ არ აპირებენ ოპონენტები მუნიციპალური სამსახურების წმენდას და პარტაქტივის დასაქმებას, რომელიც შეიძლება მართლაც იყოს ბრძანებების, მათ შორის, გაფიცვის ბრმად შემსრულებელი.

„ჰიპოთეტურად რომ წარმოვიდგინოთ ეს ძალები და ეს ადამიანები თუნდაც ქალაქის მართვის სადავეებთან, თითის გატოკება არ დასჭირდებათ, თავისთავად მოხდება ეს პარალიზება, იმიტომ, რომ მათ არავითარი არც კომპეტენცია აქვთ, არც პროფესიონალიზმი და შესაბამის უნარები ჰყოფნით, რომ თავი გაართვან ეფექტიანად ქალაქის მართვას და განვითარებას. ნაცვლად იმისა, რომ მართლაც სიკეთეზე, განვითარებაზე ილაპარაკონ და შესაბამისი აქცენტები დასვან, პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ თუკი ისინი გაიმარჯვებენ, ერთი მხრივ, რუსთაველი ქრონიკულად პარალიზებული იქნება და მეორე საერთოდ ამწვავებს ამ სიტუაციას და მთელ ქალაქს უქადის პარალიზებას. რაც მთავარია, ამ ყველაფერს ფუთავენ გაფიცვით. გაფიცვა რა არის, ეს ადამიანები ვერ ხვდებიან. რეალურად, გაფიცვა, ეს არის დასაქმებულის უფლება დამსაქმებლისადმი, რომ კონკრეტული მოთხოვნის კვალდაკვალ, განაცხადოს უარი საკუთარი შრომითი ვალდებულებების შესრულებაზე, მაგრამ რაც მთავარია, გაფიცვა არის ნებაყოფლობითი. ესენი რას ამბობენ, რომ იძულების წესით მოახდენენ მთელი ამ მუნიციპალური აპარატის გაფიცვას? აქ მეორე ეჭვიც ჩნდება, რა თქმა უნდა, ისევ ჰიპოთეზურ კონტექსტში შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ ხომ არ აპირებენ, მათ შორის, პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული მუნიციპალური ორგანოები გაწმინდონ პირველსავე დღეს და თავისი პარტაქტივი მოიყვანონ, რომელიც შეიძლება მართლაც იყოს შემდგომში ბრმად შემსრულებელი შესაბამისი მითითებებისა, თუნდაც გაფიცვაში იძულებით მონაწილეობასთან მიმართებით. სხვა ლოგიკური ახსნა ამ აბსურდულ განცხადებას თუ დაპირებას არ შეიძლება ჰქონდეს. მათი ამომრჩეველი კარგად დაფიქრდეს, ვიდრე ამ კონტექსტიდან აბსოლუტურად ამოვარდნილ ფიგურებს, რომლებსაც პოლიტიკოსებს ვერ ვუწოდებ, დაუჭერენ მხარს“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.