Loading data...
თორნიკე ჭეიშვილი: დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადება შეიძლება, შეფასდეს როგორც ოქსიმორონების ერთგვარი კრებული, იქ შემოთავაზებულ პოსტულატებს უხეირო ხასიათი აქვთ

დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადება უკანასკნელ დღეებში არ არის პირველი. რამდენიმე დღის წინაც ვიხილეთ ერთ-ერთი განცხადება. საერთო ჯამში, ალბათ შეიძლება, შეფასდეს, რომ ეს არის ოქსიმორონების ერთგვარი კრებული, რომელიც არ ვიცი, რამდენად შეიძლება, იყოს საინტერესო თუნდაც, ვინმეს მიერ გამოსაცემად, იმდენად უხეირო ხასიათი აქვს შესაბამის პოსტულატებს, რაც იქ არის შემოთავაზებული, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„რაც შეეხება ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის საკითხს, დღეს ჩვენი ლიდერების მიერ მკაფიოd იქნა განმარტებულ, როდის ხდება ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევა შესაბამის არჩევნებზე“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია 2021 წლის არჩევნებზეც იყო წარმოდგენილი 516 დამკვირვებლით, ყველაზე დიდი მისიით და ასევე წარმოდგენილი იყო 2017 წლის არჩევნებზეც, რაზეც თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თავისი მნიშვნელობით ცოტა განსხვავებულ კონტექსტს ატარებდა, ვიდრე ეს შეიძლება, ზოგადად ახასიათებდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ცნებას.

„2021 წელს რაც შეეხება, ჩვენ გავიხსენოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და გავიხსენოთ მაშინდელი კაბალური, უსამართლო შეთანხმება, რომელიც ასევე თავს მოხვეული იყო, ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტის სახელით ცნობილი, რაც შემდგომ იქნა გაფორმებული. იქ იყო ერთ-ერთი პუნქტი, საუბარი იყო 43%-ზე, თუკი ერთგვარი ბარიერი ვერ იქნებოდა გადალახული, ეს იყო საფუძველი, რათა დაწყებულიყო საუბარი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე ან პირიქით.

შესაბამისად, ფაქტობრივად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ლამის საპარლამენტო არჩევნების დატვირთვაც კი გააჩნდა. 2017 წელზეც გეტყვით. რა თქმა უნდა, საინტერესოა, თვითონ ეუთო/ოდირიც როგორ ხედავს შესაბამისი სადამკვირვებლო მისიის განხორციელებას.

მაშინ, როდესაც საუბარი არის გარკვეული დემოკრატიული ტრანზიციის ეტაპზე მყოფ ქვეყნებზე, როცა შეიძლება, დემოკრატიული ინსტიტუტები ბოლომდე არ იყოს კონსოლიდირებული და ა.შ, შეიძლება, ასევე გამონაკლისის სახით იყოს მივლენილი სადამკვირვებლო მისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მაგრამ მგონი, დღეს უკვე საქართველოში, როდესაც ჩვენ შევდექით, როგორც კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც კონსტიტუციური ორგანოები ასრულებენ საკუთარ შესაბამის უფლებამოსილებებს და ვხედავთ, როგორ დინამიკურად მიმდინარეობს მათ შორის სხვა საკანონმდებლო აქტების ერთგვარი გასუფთავება იმ თავისდროინდელი მავნე მინარევებისგან, რომელიც ისევ და ისევ გარკვეული გარე ძალების მიერ იყო შემოთავაზებული პოლიტიკურ თემად.

რეალურად, ამ შემთხვევაში, როცა ჩვენ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ დავასრულოთ ეს დემოკრატიული ტრანზიცია და შევდექით, როგორც სამართლებრივი სახელმწიფო, დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების იმავე კონტექსტში განხილვა, რაც იყო იმავე 2017 წელს, შეუძლებელია“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

მისი თქმით, უნდა გავიხსენოთ, როგორი დამოკიდებულება იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და იგივე ბრიტანეთის საელჩოს მხრიდან გამოვლენილი თუნდაც, ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც 2025 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გაკეთდა.

„ეს იყო სრული იგნორი და არათუ სრული იგნორი, პირიქით, წახალისება იმგვარი პროცესებისა, რომელიც საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ გულისხმობდა აქ სცენარის განვითარებას“,  დასძინა ჭეიშვილმა.