თორნიკე ჭეიშვილი: ჩვენ ვიმყოფებით ერთგვარ სტრატეგიულ მოთმინების რეჟიმში, ველოდებით თუ როდის იმძლავრებს ბრიუსელში საღი აზრი, რომ საქართველოსთან მიმართებით უთანასწორო მოპყრობები დღის წესრიგიდან მოიხსნას

„ჩვენ ვიმყოფებით ერთგვარი სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში, ველოდებით იმას თუ როდის იმძლავრებს თუნდაც ბრიუსელში საღი აზრი, რომ აბსოლუტურად უთანასწორო მოპყრობები, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ფიქსირდება, არის დღის წესრიგიდან მოსახსნელი“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.
„ბატონი კახა კალაძის განცხადებას [პაველ ჰერჩინსკის გაძევებაზე] შესაბამისი კონტექსტი ჰქონდა და მან პირდაპირ აღნიშნა, რომ ეს არის მისი ინდივიდუალური განცხადება, როგორც ერთ-ერთი ქართველის. მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის ამ პათოსს და სულისკვეთებას სხვა არაერთი ქართველი ვუერთდებით, იმ თვალსაზრისით, რომ როდესაც ვხედავთ ყოველმხრივ უსაფუძვლო, უსამართლო თავდასხმებს კონკრეტული დიპლომატის მხრიდან ქართულ სახელმწიფოებრიობაზე, ჩვენს სუვერენიტეტზე და იმ საკითხებზე, ფასეულობებზე, რომელიც არის ფუნდამენტი ქართული სახელმწიფოსა და ერისათვის, რა საკვირველია შეიძლება ჩნდებოდეს შესაბამისი განწყობები.
მეორე მხრივ, ჩვენ ისიც გვაქვს გაცხადებული, რომ ვიმყოფებით ერთგვარი სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში. ეს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ჩვენი მხრივ ვართ აბსოლუტურად მართლები სამართლებრივად, პოლიტიკურად, დიპლომატიური ეტიკეტის კონტექსტში თუ ა.შ. იმ სახელმწიფოებთან, ევრობიუროკრატიასთან მიმართებით, რომლებიც სამწუხაროდ გამოირჩევიან გალაშქრებით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ველოდებით იმას, თუ როდის იმძლავრებს თუნდაც ბრიუსელში ან სხვა ევროპულ დედაქალაქებში საღი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი აბსოლუტურად უთანასწორო მოპყრობები, უსაფუძვლო ბრალდებები, რეზოლუციები თუ სხვა ტიპის ქმედებები, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ფიქსირდება, არის დღის წესრიგიდან მოსახსნელი და აქაც მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი დაიწყოს სუფთა ფურცლიდან“, - განაცხადა ჭეიშვილმა.