თორნიკე ჭეიშვილი „ასავალ-დასავლის“ სტატიებზე: ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ცდილობდნენ ამა თუ იმ მცდარი, დაუზუსტებელი ინფორმაციის ტირაჟირებას და შესაბამისი საქმის პოლიტიზებას
„სწორედ ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ცდილობდნენ ამა თუ იმ მცდარი, დაუზუსტებელი ინფორმაციის ტირაჟირებას და შესაბამისი საქმის პოლიტიზებას“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
იგი ასე აფასებს გაზეთ „ასავალ-დასავლის“ მიერ ირაკლი ღარიბაშვილის დასაცავად და ხელისუფლებაზე შეტევის მიზნით გამოქვეყნებულ სტატიებს.
„გასაგებია, ეს ვის ინტერესებში შეიძლება, შედიოდეს. ზოგადად, ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ როდესაც არსებობს კონკრეტული სამართლებრივი კითხვები, რა თქმა უნდა, ამ კითხვებს უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხები. ტრადიციულად, როდესაც არ არის კონკრეტული პასუხები, ან ეს პასუხები არის არადამაჯერებელი, რა თქმა უნდა, შესაბამისი მხარე ცდილობს, რომ მაქსიმალურად შეიკავოს თავი კომუნიკაციისაგან და სავარაუდოდ, სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ჭეიშვილმა.