თინათინ რუხაძე: ძეგლებთან მიმართებით სიჩქარეს მოაქვს მხოლოდ ცუდი, მთავრობა იღებს თავის თავზე ნებისმიერი რაოდენობით კვლევის დაფინანსებას, გელათთან დაკავშირებით პროცესს მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ

„ძეგლებთან მიმართებით სიჩქარეს მოაქვს მხოლოდ ცუდი. საქართველოს მთავრობა იღებს თავის თავზე ნებისმიერი რაოდენობით კვლევის დაფინანსებას და ყველაფერს, მივყვებით ამ პროცესს ნაბიჯ-ნაბიჯ“, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
თინათინ რუხაძის თქმით, მთავარი ზომა არის ფრთხილი დაგეგმვა.
„ჩვენ ახლა სამღებრო სამუშაოებს ვერ ჩავატარებთ გელათში, გელათი უნდა იყოს შენარჩუნებული, კულტურულ მემკვიდრეობაში ჩვენ თუ ველოდებით, რომ მივიღებთ აქედან ასეთი ტიპის პროდუქტს, ვერ მივიღებთ. იმის შენარჩუნება უნდა ვისწავლოთ, შესაძლებელია, ჩარევაზე გვითხრან, რომ არ უნდა ჩაერიოთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ეტაპი გადავლახეთ, კარი ღიაა, არაფერი დასამალი არ არის, ერთად გავდივართ ამ გზას და ერთად ვსწავლობთ. კი ბატონო, მე, როგორც დღევანდელი კულტურის მინისტრი, გეუბნებით, რომ იყო შეცდომები, მაგრამ იმისთვის ვართ დღეს აქ, რომ ამ შეცდომების გაანალიზება, ანალიტიკა – ყველაფერი მოვაწყოთ და ყველა რესურსი გამოვიყენოთ, რომ სწორ გზაზე გავიყვანოთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ფრთხილი დაგეგმვა, ეს არის მთავარი ზომა.
მოზაიკის ძირეული კვლევა, კედლის მხატვრობების ძირეული კვლევა, ქვის ძირეული კვლევა, წყლის მდგომარეობის, გეოლოგიის და ა.შ. კვლევა და მეთოდიკაზე შეთანხმება ბევრი მხარის ერთად, ოღონდ არა მარჩიელობის რეჟიმში, არამედ კონკრეტული სამეცნიერო დასაბუთებების რეჟიმში, რაშიც მე, როგორც მინისტრი, ვერ ჩავერევი. კულტურის სამინისტრო მთლიანად არის ჩართული. ჯერ ერთი, როგორც არ უნდა მართავდეს კომიტეტი, ჩვენთან არის სააგენტო, რომელიც არის მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელი და ნებართვებს ის გასცემს, ოფიციალურად ყველა კორესპონდენცია გადის კულტურის სამინისტროდან და იუნესკო-სთან მაკოორდინირებელი ორგანო არის კულტურის სამინისტრო. სრულად ყველა რგოლს აქვს თავისი ფუნქცია, ქართველი მეცნიერებიც არიან ჩართული, მსოფლიო ექსპერტებიც არიან ჩართული, იუნესკო-ც არის ჩართული, საქართველოს მთავრობა არის ჩართული, რომელიც ლოკომოტივია, რადგან ამ წუთას ის იღებს თავის თავზე ნებისმიერი რაოდენობით ამ კვლევის დაფინანსებას და ყველაფერს. ბუნებრივია, ეკლესიაა ჩართული და ყველა მხარე ერთად სხდება, ჩვენ მივყვებით ამ პროცესს ნაბიჯ-ნაბიჯ. მე არ მინდა, მოლოდინი იყოს იმისა, რომ მალე იქნება? უკვე დაამთავრეთ? ძეგლებთან მიმართებით, სიჩქარეს მოაქვს მხოლოდ ცუდი. გადავდივართ მუშაობის მშვიდ რეჟიმზე. ღია ვართ ნებისმიერი კითხვისთვის და მზად ვართ, რომ პასუხი გავცეთ“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.