Loading data...
ტიერი მარიანი: არჩევნები დასრულდა და მუშაობის დაწყების დროა

„არჩევნების შედეგები მკაფიოა, ევროკავშირის ფუნქციებში არ უნდა შედიოდეს იმის კარნახი, თუ ვინ მოიგო არჩევნებში და ვინ უნდა იყოს თქვენი მთავრობა“, - ამის შესახებ ფრანგმა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ განაცხადა.

ფრანგი ევროპარლამენტარის თქმით, ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს და მუშაობის დაწყების დროა.

„როგორც ვიცი არჩევნებზე მხოლოდ მცირე ხარვეზები დაფიქსირდა, ისევე როგორც ეს მრავალ ქვეყანაში ხდება. თუმცა სერიოზული არაფერი მომხდარა და შედეგიც აშკარაა. ცესკომ ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა და ჩემთვის ეს ნიშნავს, არჩევნები დასრულდა და მუშაობის დაწყების დროა.

მესმის, რომ ზოგი იმედგაცრუებულია, ზოგი მეუბნება, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა იმიტომ, რომ წინასაარჩევნო რეიტინგებისგან განსხვავდება. წინასაარჩევნო რეიტინგები ამერიკაშიც განსხვავებული იყო. რეიტინგებით კამალა ჰარისი იგებდა, თუმცა რეალურად ტრამპი აირჩიეს. საფრანგეთში ევროპული არჩევნების დროს წინასწარი პროგნოზებით მაკრონის პარტიას უნდა გაემარჯვა, თუმცა მათ ჩემს პარტიაზე ორჯერ ნაკლები ხმა დააგროვეს. ერთია საზოგადოებრივი აზრის კვლევა და მეორეა არჩევნების შედეგები. ვფიქრობ, მცირე ხარვეზების შემთხვევაშიც კი არჩევნების შედეგები მკაფიოა.

მე ის ფაქტი მაღელვებს, რომ წარსულში როდესაც პარტია არჩევნებს წააგებდა, ამბობდნენ, რომ ეს დემოკრატიაა და მომდევნო არჩევნებზე ცდიდნენ ბედს. დღეს კი ძალიან ბევრ ქვეყანაში, როდესაც პარტია არჩევნებში მარცხდება, ირწმუნებიან, რომ არჩევნები გაყალბდა, ან იყო უცხოური ჩარევა. მე კი ვფიქრობ, რომ არჩევნების შედეგებს პატივი უნდა ვცეთ. ქართველები ევროპელები არიან, ამიტომ ევროკავშირის ფუნქციებში არ უნდა შედიოდეს იმის კარნახი, თუ ვინ მოიგო არჩევნებში და ვინ უნდა იყოს თქვენი მთავრობა. ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი და ჩვენ ამ არჩევანს პატივი უნდა ვცეთ“, - აცხადებს ტიერი მარიანი.