Loading data...
თენგიზ შარმანაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: მინდა, ვიქონიო იმედი, რომ კონკრეტული სახელმწიფოების ლიდერები, რომლებიც წყვეტენ ამ საკითხებს, არ იქნებიან ისეთივე ხისტები და არასამართლიანები, როგორიც ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები არიან

თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი იმედოვნებს, რომ კონკრეტული სახელმწიფოების ლიდერები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის საკითხს წყვეტენ, არ იქნებიან ისეთივე ხისტები და არასამართლიანები, როგორიც ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები არიან.

„მინდა, ვიქონიო იმედი, რომ ბევრი წევრი სახელმწიფოს ხელმძღვანელობა სხვაგვარად შეხედავს ამ საკითხებს. ასეთი სადამსჯელო ღონისძიება ხალხის წინააღმდეგ არ შეიძლება. ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი ნება, მას აქვს თავისი მისწრაფებები, მან თავის არჩევანი არჩევნების გზით მიანდო გარკვეულ პარტიას და არცერთი ის ნაბიჯი, რომელიც მმართველმა პარტიამ გადადგა, არ ყოფილა ისეთი, რომელიც არჩევნებამდე ქართველმა ხალხმა არ იცოდა. ამ ნაბიჯების ლეგიტიმაცია მოხდა და იმის გამო, რომ ქართველ ხალხს აქვს ასეთი შეხედულება, ადგე და რეპრესიები ჩაუტარო და ვიზალიბერალიზაციის საკითხები ეჭვქვეშ დააყენო, იქნება არაევროპული, რადიკალური და არასამართლიანი გადაწყვეტილება.

მინდა, ვიქონიო იმედი, რომ კონკრეტული სახელმწიფოების ლიდერები, რომლებიც წყვეტენ ამ საკითხებს, არ იქნებიან ისეთივე ხისტები და არასამართლიანები, როგორიც ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა: „როგორც იცით, საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა. ამის გამო ვწუხვარ - ვისურვებდი, რომ საქართველო, ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერით, დღეს მოლდოვასა და უკრაინასთან ერთ დონეზე იყოს“.