Loading data...
თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ვინაიდან განხილვა ნელ-ნელა სამართლებრივისკენ იწყებს გადახრას, უფრო ოპტიმისტურად განვეწყვე

5 პოლიტიკური ძალის აკრძალვის შესახებ არსებითი განხილვა ბათუმში დღეს განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ამჯერადაც შუამდგომლობებს მოისმენს.

პროცესის პირველი დღე თითქმის მთლიანად ოპოზიციის მოთხოვნებსა და კამათს დაეთმო. მოსამართლეთა აცილება, სააკაშვილის გამოკითხვა და საგამოძიებო კომისიის დასკვნის ამოღება - პლენუმმა ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, პროცესისადმი ოპტიმისტურადაა განწყობილი.

„მოისმინეთ სასამართლოს განმარტებები, რატომ არ გაიზიარა კონკრეტული შუამდგომლობა. შეგნებულად არ დავიწყებ სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებას, რადგან ვალდებული ვარ, გავიზიარო მათი შეხედულება.

ვინაიდან ეს განხილვა ნელ-ნელა სამართლებრივისკენ იწყებს გადახრას, უფრო ოპტიმისტურად განვეწყვე, რომ ეს პროცესი შეიძლება სამართლებრივადაც გაგრძელდეს. სხვათა შორის, ეს ძალიან კარგია სამართლებრივი კულტურის ჩამოსაყალიბებლადაც“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.