Loading data...
თენგიზ შარმანაშვილი: როდესაც პოლიტიკოსები საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ფიქრობენ, პირველი ნაბიჯების გადადგმა ხდება თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ვერაფრით გავაგებინეთ ჩვენს პოლიტიკაში მყოფი ადამიანების რადიკალურ ნაწილს

„სულ ცოტა ხნის წინ სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა გარდაცვლილი ხამენეის ვაჟს მიულოცეს სულიერ ლიდერად არჩევა იმ პირობებში, როდესაც ბოლომდე ჯერ კიდევ გარკვეული არ არის ამ დრონების საკითხი, რომელიც აზერბაიჯანში გამოისროლეს“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.

მისივე თქმით, სომხეთის პრეზიდენტს დაუკავშირდა ირანის პრეზიდენტი და მისცა პირობა, რომ ამას ბოლომდე გამოიძიებენ და ამას ირანის ხელისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„როდესაც პოლიტიკოსები თავისი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ფიქრობენ, პირველი ნაბიჯების გადადგმა ხდება თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ვერაფრით გავაგებინეთ ჩვენს პოლიტიკაში მყოფ ადამიანების რადიკალურ ნაწილს. თინა ხიდაშელმა თავის გამოსვლაში ისიც აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი რომ მორჩება აშშ გადახედავს იმ ქვეყნებთან ურთიერთობას, ვის რა პოზიცია ეკავა ამ დროსო.

ჩვენი ამოსავალი წერტილი სხვების ინტერესები კი არ არის, ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოება, მოსახლეობის უსაფრთხოება, მათ შორის ამ რადიკალების ოჯახების წევრების უსაფრთხოება. მიუხედავად ამისა, დგამენ ყოვლად წარმოუდგენელ ნაბიჯებს, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა ალბათ გაოგნებულიც არის მათი განცხადებების გამო. იქნებ ხანდახან, როდესაც ფიქრი უწევთ, სანამ ხმამაღლა რამე წარმოთქვამენ გაიხედონ, გამოიხედონ და დაინახონ როგორ მოქმედებენ თავისი ქვეყნის პატრიოტი პოლიტიკოსები, თუნდაც ჩვენს მეზობლად“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.