თენგიზ შარმანაშვილი პარტიების აკრძალვაზე: რა შეიძლება მოჰყვეს?! შეიძლება მოჰყვეს ის, რომ არაკონსტიტუციური პარტიებისგან ველი გაიწმინდოს და წარმოიშვან ახალი პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც კონსტიტუციურ ჩარჩოებში ოპონირებას გაუწევენ ხელისუფლებას, თუნდაც ძალიან მწვავე ოპონირებას, ეს მისასალმებელიც არის
„ყველა მხარეს აქვს უფლებები. ეს უფლებები 100 % -ით იქნება დაცული. ეს იმდენად საჯარო პროცესი იქნება, ამას ყველა ნახავს“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო პროცესის განხილვისას.
კითხვაზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს გარკვეული პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ არაკონსტიტუციური პარტიების ველი გაიწმინდება და პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვლენ ის გაერთიანებები, რომლებიც ღირსეულ ოპონირებას გაუწევენ ხელისუფლებას.
„ჩვენზე არ არის დამოკიდებული - ჩვენ ვერ შევაფერხებთ ახალი პოლიტიკური ორგანიზაციების შექმნას და ვერც ხელს შევუწყობთ. იმის გამო, რომ პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე დავიწყოთ ლაპარაკი, სამართლებრივ საკითხს მეორე პლანზე ვერ გადავიტანთ. ასე თუ მხოლოდ მიზანშეწონილობაზე ვისაუბრეთ, მაშინ იქამდე მივალთ, რომ კონსტიტუცია დავიცვათ მაშინ, როდესაც ეს პოლიტიკურად მიზანშეწონილია და თვალი დავხუჭოთ კონსტიტუციის დარღვევაზე მაშინ, როდესაც ეს პოლიტიკურად მიზანშეწონილი არ არის. ასე ჩვენ ვერ მოვიქცევით. რა შეიძლება მოჰყვეს?! [პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას] შეიძლება მოჰყვეს ის, რომ არაკონსტიტუციური პარტიებისგან ეს ველი გაიწმინდოს და წარმოიშვან ახალი პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც კონსტიტუციურ ჩარჩოებში ოპონირებას გაუწევენ ხელისუფლებას. თუნდაც ძალიან მწვავე ოპონირებას. ეს მისასალმებელიც არის“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.