თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: მიიღეს დავალება, მოძებნონ ფორმა, თუ როგორ დავშორდეთ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს, ანუ, რეალურად, უარი ვთქვათ ამ ტერიტორიებზე
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ბარამიძის, გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით საქართველოსთვის ამ საკითხზე უარის თქმის გზების ძიებას ემსახურება.
„ის, რაც გააკეთა ბარამიძემ, გვარამიამ და ახლა უკვე მიხეილ სააკაშვილმა, ნათლად მეტყველებს, რომ მათ მიიღეს დავალება, მოძებნონ ფორმა, თუ როგორ დავშორდეთ ამ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს, ანუ რეალურად უარი ვთქვათ ამ ტერიტორიებზე. ეს იქნება ომის გაჩაღების გზით, თუ რაღაც სხვა გზა გამოიძებნება, ასეთი დავალება აქვთ.
რაც შეეხება იმას, თუ რას ამბობს თვითონ სააკაშვილი, რომ ერთადერთი გზა არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, რომ ეს 50 000 კაცი კი არ შემოვირიგოთ, გავწყვიტოთ და ამ გზას უნდა დავადგეთ და სისხლის გუბეები დავაყენოთ? პირდაპირ ამბობენ ამას, რომ არავითარი დიალოგი ამ ხალხთან საჭირო არ არის, არავითარი ნაბიჯების გადადგმა საჭირო არ არის. არა და მაშინ რას ვუმტკიცებთ? ჩვენ ვუმტკიცებთ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გვინდა.
ჩვენი გზა უნდა იყოს ის, რომ იქ მაცხოვრებელი ადამიანები ჩვენი თანამოქალაქეები არიან და დროებით რაღაცა ძნელბედობის ჟამის გამო ერთმანეთს დავცილდით და უნდა მოვნახოთ გზები, რომ ეს უარყოფითი ტენდენციები აღმოვფხვრათ და ეს ნაბიჯები ერთმანეთის მიმართულებით გადავდგათ“, - აღნიშნავს შარმანაშვილი.