Loading data...
თენგიზ შარმანაშვილი - ოპოზიცია ბრიუსელში დადიოდა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ვიზალიბერალიზაცია არ მიენიჭოსო, ახლა ალბათ ამერიკას ეხვეწებიან, სტრატეგიული პარტნიორობა არ აღადგინოს

„მთავარი ამოცანაა, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს. ოპოზიცია თუ პროდასავლურია, პროცესს ხელი უნდა შეუწყოს. ეს ხალხი ბრიუსელში დადიოდა და იხვეწებოდა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ვიზალიბერალიზაცია არ მიენიჭოსო. ალბათ, ახლა ამერიკას ეხვეწებიან, სტრატეგიული პარტნიორობა არ აღადგინოთო“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

შარმანაშვილს აშშ-ში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტსა და ოპოზიციის შეფასებებზე დაუსვეს კითხვა.

„ოპოზიციის კრიტიკის ანატომია ნახეთ. საუბარი არ არის იმაზე, მე ან თქვენ რა ურთიერთობა გვექნება ამერიკასთან, მთავარი ამოცანაა, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს. ეს ხალხი თუ პროდასავლურია, პროცესს ხელი უნდა შეუწყონ და არა, საპირისპირო გააკეთონ. პროდასავლელები არ არიან, ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები არიან. ეს ხალხი ბრიუსელში დადიოდა და იხვეწებოდა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ვიზალიბერალიზაცია არ მიენიჭოსო. ალბათ, ახლა ამერიკას ეხვეწებიან, სტრატეგიული პარტნიორობა არ აღადგინოთო. რატომ ჰგონიათ, რომ ამერიკის ხელისუფლება ვერ შეამჩნევს, რა ტიპის ადამიანები არიან. ვიზიტის მთავარი ამოცანაა, რომ წინა ადმინისტრაციის მიერ ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გაფუჭების შემდეგ, ორი ქვეყანა სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმს დაუბრუნდეს. ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ამ თემაზე სერიოზული საუბარია და სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება. ბევრი რამ გაფუჭებულია. ვინაიდან მეორე მხარეს ვითარების შეცვლის სურვილი აქვს, ეს ყველაფერი გონივრულ დროში შედეგს მოიტანს“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა.

ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა. როგორც სამხარაძემ განაცხადა, შეხვედრაზე დაადასტურა მზაობა, დაიწყონ მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე.