თენგიზ შარმანაშვილი ნორვეგიის ელჩის ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრაზე: როდესაც ასეთი ტიპის გაურკვეველი შეხვედრები ხდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს ეჭვი - ხომ არ აპირებს ისევ ზოგიერთი დიპლომატი ვენის კონვენციის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას? ხომ არ შეეცდებიან ისევ საქართველოში დესტრუქციული ხაზის გატარებას?
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ნორვეგიის ელჩისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრას ეხმაურება.
მისი თქმით, წარსულში დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ვენის კონვენციის დარღვევისა და საშინაო საქმეებში უხეში ჩარევის ფაქტები არაერთხელ დადასტურდა.
დეპუტატმა გაიხსენა ელჩების დემარში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სააკაშვილის საქმეში დარღვევები ვერ აღმოაჩინა, დიპლომატებს ბოდიში არ მოუხდიათ.
შარმანაშვილის შეფასებით, მსგავსი ტიპის გაურკვეველი და გაუმჭვირვალე შეხვედრები საზოგადოებაში ლეგიტიმურ ეჭვებს აჩენს.
„როცა ასეთი ტიპის გაურკვეველი შეხვედრები ხდება, როდესაც არ არის საკმარისი ინფორმაცია - რა საკითხებს შეეხებოდა, რა მიზანი ჰქონდა ამ შეხვედრას, ამან შეიძლება გამოიწვიოს ეჭვი, ხომ არ არის ეს ამის გაგრძელება? ხომ არ აპირებს ისევ ზოგიერთი დიპლომატი ვენის კონვენციის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას? ხომ არ შეეცდებიან ისევ საქართველოში დესტრუქციული ხაზის გატარებას, მხარი დაუჭირონ რევოლუციას ან სხვა უკანონო პროცესს. ამიტომ დღეს ითქვა კიდევაც, რომ მივესალმებოდით, თუ შესაბამისი საელჩო უფრო ნათელ და გამჭვირვალე განცხადებას გააკეთებდა ამ შეხვედრის ხასიათის შესახებ“, - განაცხადა შარმანაშვილმა.