თენგიზ შარმანაშვილი: „მშვიდობიანი გადატრიალება“, „რბილი გადატრიალება“... უაზრო ტერმინების ფანტაზია აქვთ, მაგრამ ფაქტია, რომ საუბრობენ ხელისუფლების ძალადობრივ ცვლაზე, რაც ისეთივე კრახით დამთავრდება, როგორც წინა ე.წ. რევოლუციები

„მშვიდობიანი გადატრიალება“, „რბილი გადატრიალება“... უაზრო ტერმინების გამოგონების ფანტაზია აქვთ, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ლაპარაკობენ ხელისუფლების ძალადობრივ ცვლაზე. დანამდვილებით გეუბნებით, ეს ისეთივე კრახით დამთავრდება, როგორც წინა ე.წ. რევოლუციები, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას.
მისი თქმით, ოპოზიციის იმ ფრთას, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში და მეორე ფრთასაც, რომელიც არ არის ჩართული საარჩევნო მარათონში საერთო პატრონი და ერთი მიზანი აქვთ - ხელისუფლების დამხობა, რაც არ გამოუვათ.
„თბილისის მერობის კანდიდატმა „ლელოდან“ უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ საღამოს 8 საათამდე, 4 ოქტომბერს ისინი დროს დაუთმობენ არჩევნებს, ხოლო 8 საათის შემდეგ შეუერთდებიან აქციას, რომელსაც აანონსებს რადიკალური ოპოზიცია. ანუ ბოლოს მათ ერთად უყრიან თავს მათი პატრონები. რა თქმა უნდა ეს ერთგვარი თამაშია. როლების გადანაწილებაა მათ შორის. პატრონი ერთი ჰყავთ და მიზანიც ერთია. ეს მიზანი ორივე მხარეს გაცხადებული აქვს - როგორც „ლელოს“, ისე რადიკალურ ნაწილს, რომლებიც არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, რომ უნდა მოახდინონ რევოლუცია. კიდევ ათასგვარი ოდიოზური ტერმინები მოიგონეს: „მშვიდობიანი გადატრიალება“, „რბილი გადატრიალება“ და ა.შ. თვალს ვერ მიადევნებ, უაზრო ტერმინების გამოგონების ფანტაზია აქვთ მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ისინი ლაპარაკობენ ხელისუფლების ძალადობრივ ცვლაზე და მათ და მათ პატრონებს კურსი ამაზე აქვთ აღებული. მაგრამ დანამდვილებით გეუბნებით და ყველანაირი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, რომ ეს ისეთივე კრახით დამთავრდება, როგორც წინა ე.წ. რევოლუციები“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.